მიხეილ რამიშვილს თბილისის პროკურატურაში ელოდებიან. თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატს გამოძიებამ ვიდეოკადრები უნდა გააცნოს.
საუბარია იმ მასალაზე, სადაც სუს-ის ბალანსზე არსებული 3 ავტომანქანის გადაადგილებაა ასახული, ეს კადრები პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, თუმცა ადვოკატი ახლა მის სრულ ვერსიას ითხოვს.
ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ სავარაუდოდ ჩანაწერები სუსის ავტომობილებს უკავშირდება.
"როგორც მე შემატყობინეს, აღნიშნული ვიდეოჩანაწერი უკავშირდება იმ ავტომობილებს და მათ გადაადგილებას. ალბათ, ეს არის ის სამი ჯიპი, სუს-ის ავტომობილები. ჩვენ ყველაფერს ვამოწმებთ,"- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.