19 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
არ აქვს მნიშვნელობა სად ვართ - ბათუმში, თბილისში თუ თელავში, უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია, ვატაროთ პირბადეები - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოქალაქეებს ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კორონავირუსით ინფიცირების მატების პარალელურად, მოქალაქეების ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არ დადგეს.

"დღეს გვაქვს ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა, რაც რა თქმა უნდა, არის უაღრესად საყურადღებო. გუშინ ქვეყნის მასშტაბით გაკეთდა 7,186 ტესტი, რომელზეც პასუხი დღის მეორე ნახევარში გვექნება, რაც  ეპიდემიოლოგიურ სურათს უკეთესად დაგვანახებს.

გლობალური პანდემია არის გამოწვევა, რომელთან ერთადაც ჩვენ მოგვიწევს ცხოვრება, როგორც ჩანს შემდგომი წელიწადი, წელიწადნახევარი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა სწორად ვმართოთ რისკები. ვერავინ, მათ შორის, საქართველო, ცალკე აღებული ქვეყანა გლობალურ პანდემიას ვერ დაამარცხებს, რამეთუ ეს არის გლობალური გამოწვევა, რისკი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ პირველ რიგში ჯანმრთელობა ჩვენი მოქალაქეების და რა თქმა უნდა დავიცვათ ჩვენი ეკონომიკა. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს გარკვეული წარმატებები.

დღეს საქართველო აღიარებულია ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყანად ეპიდემიის რისკების მართვის, ისევე როგორც ეკონომიკური რისკების შემსუბუქების. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ორმა საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველოს შეუნარჩუნა რეიტინგი, რაც რა თქმა უნდა არის მიღწევა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მოქალაქეებთან ერთად იმისთვის, რომ ეს მიღწევა დავიცვათ. ამისთვის გვჭირდება ის, რომ უაღრესად ყურადღებით მოვეკიდოთ იმ მოთხოვნებს, რომელიც აქვთ ეპიდემიოლოგებს და არ აქვს არანაირი მნიშვნელობა სად ვართ - ბათუმში, თბილისში, თელავში თუ სხვაგან. უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია, უნდა ვატაროთ პირბადეები არა ფორმალურად, არამედ ისე, როგორც ეპიდემიოლოგები უწევენ რეკომენდაციას და სერიოზულად მოვეკიდოთ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობას," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები