გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება. დღეს სავარაუდოდ ის პოლიციელები დაიკითხებიან, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.
გუშინ კი ამავე საქმეზე სხდომა შვიდი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოიკითხა ოთხი პირი. სამი გამომძიებელი და ერთ-ერთი მოწმე ვანო თეგაძე, რომელიც დაბადების დღის ერთ-ერთი სტუმარი იყო.
"აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გამომძიებლის ეკა თხელიძის მიერ შედგენილ ოქმებში დაფიქსირდა სერიოზული დარღვევა, კონკრეტულად კი გამომძიებელს ერთდროულად ჰყავდა დაკითხული 2 ადამიანი. ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა აღნიშნული მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა. პროცესი გაგრძელდება კვლავ პროკურატურის მოწმეების გამოკითხვით. შუამდგომლობები ჯერჯერობით არ გვაქვს," - აცხადებს გიორგი მერებაშვილის ადვოკატი როსტომ კერესელიძე.
პროკურორ ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, გამოკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს ის ფაქტობრივი გარემოებები რაც გამოძიებისგან იქნა დადგენილი. პროკურორის თქმით, მოწმემ ისაუბრა დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვნების შეკრებასთან დაკავშირებითაც სადაც ისინი განიხილავდნენ მომხდარი დანაშაულებრივი ქმედების დეტალებს.