შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან, კოსტავას გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
უწყების ცნობით, პირველადი ინფორმაციით, კლუბ "დეჟავუში" სარემონტო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აფეთქების შედეგად დაშავდა 3 ადამიანი, ერთი მამაკაცი კი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ექიმები. მოხდა პერიმეტრის შემოსაზღვრა და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.