19 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მძიმე პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა

ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მძიმე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა მას ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა, სავარაუდოდ დიდხანს მოუწევს. პაციენტს მრავლობითი დამწვრობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ფილტვების დაჟეჟილობა აღენიშნება.

რაც შეეხება კლუბ "დეჟავუში" აფეთქების ფაქტს, გამოძიება გრძელდება. პირველადი ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 3 დაშავდა.

კლუბ "დეჟა ვუს" დირექტორი მომხდარის დეტალებზე ჰყვება. ნინო გვალაძის თქმით, აფეთქების მიზეზი მისთვის უცნობია:

"კონდიციონერი, რომელიც შევიძინეთ თებერვალში და სულ იმუშავა ერთი თვე, რადგან ეს 6 თვე გაჩერებული ვიყავით, არ ჩაირთო, ამ ბიჭების დაყენებულია ეს კონდიციონერი და არიან პროფესიონალები. მოიტანეს აზოტი, ასე მოწმდება, რომ კომპანიის საგარანტიოსთვის ეთქვათ, რომ მიზეზი იმათი იყო.  ამ მომენტში ეს გარე ბლოკი აფეთქდა, ორი ადამიანი იქვე იყო,  ერთი ვინც ამოწმებდა, ადგილზე გარდაიცვალა, მეორე საავადმყოფოშია და ჩვენი მენეჯერი მამუკა, რომელიც ამათ თავზე ედგა, შენობაში შევიდა და უკნიდან მოხვდა ეს ტალღა. ანუ შიგნით დაზიანებული არაფერი არაა, გარე ბლოკია აფეთქებული. რატომ მოხდა და რისი ბრალი იყო ვერ გეტყვით," - აცხადებს ნინო გვალაძე.

კლუბ "დეჟავუს" თანამშრომლების თქმით, აფეთქების დროს შენობის შიგნით 7 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მათ დაზიანებები არ მიუღიათ. შენობაში არსებული შუშების უმრავლესობა აფეთქების შედეგად ჩაიმსხვრა.

ალადაშვილის სახელობის კლინიკის გადაუდებელი დახმარების და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლევან ბესელიას თქმით, ამ ეტაპზე დაშავებული მუშის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის ისევ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"შემოყვანისთანავე დაფიქსირდა ტრავმული შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პაციენტი გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე, აღენიშნებოდა დამწვრობა  სახის, გულმკერდის და კიდურების არეში. მრავლობითი ექსკორიაციები, ჭრილობა კისრის და მხრის არეში, პაციენტთან ჩატარდა სრულყოფილი კვლევები, არ გამოვლინდა მძიმე დაზიანება, აღენიშნება მხოლოდ ფილტვის დაჟეჟილობა, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, გამოსულია შოკიდან და იმყოფება მართვით სუნთქვაზე, გრძელდება ინტენსიური მონიტორინგი და მკურნალობა," - განაცხადა ლევან ბესელიამ.

დღის ამბები