19 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
მე ველოდები ახლა ხატის გადმობრძანებას - ირმა ინაშვილი ენგურის ხიდზე ჩავიდა

ამ წუთებში ენგურის ხიდთან "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი, თანაგუნდელებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება.

შეკრებილები ღვთისმშობლის ხატის გადმობრძანებას ელოდებიან, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან ენგურის ხიდთან დატოვეს. 

ირმა ინაშვილის განცხადებით, აფხაზეთიდან დაბრუნებული ხატი, ამიერიდან დევნილების შემწე იქნება. 

"მე ველოდები ახლა ხატის გადმობრძანებას. ეს არის ილორის ღვთისმშობელი, რომელიც მთელი სამი კვირის განმავლობაში იყო ილორში, ეს ძალიან დიდი მადლია. ილორის ღვთისმშობელი მობრძანდება. ჩვენ უნდა დავხვდეთ ღვთისმშობელს, რომელიც იქნება ამიერიდან დევნილთა შემწე, იმიტომ, რომ თვითონ დევნილობაში მოექცა ეს ხატი და მე მინდა ერთი რამ გითხრათ ახლა ქართველ საზოგადოებას, ქართველ ე.წ. პოლიტიკოსებს, თქვენ ჟურნალისტებს, გახარებულები ხართ, "რუსთავი 2", "მთავარი არხი","ტვ პირველი", სხვა დანარჩენები, შავი სიხარულით გიხარიათ, ხატი რომ მობრძანდება?

გაოგნებული და შეძრული ვარ ხატმებრძოლეობის, მთელი ამ პროცესის ანალიზით, რაც ხდება. ეს არის 21 საუკუნის ხატმებრძოლეობა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამაში ჩართული იყო არა მარტო სააკაშვილ-ბოკერიები, არამედ სახელისუფლებო ლიდერებიც, კობახიძის შტო მთლიანად და საერთოდ დიდად იშრომეს ამ ადამიანებმა იმისთვის, რომ ხატი გადმობრძანებულიყო, იმდენად გააფუჭეს და დააზიანეს ყველაფერი.

ეს პროცესი დააზიანეს სააკაშვილ-ბოკერიებმა, მათთან მიბმულმა ენჯეოებმა, მათ მიერ კონტროლირებადმა მედიამ თბილიში, პლიუს კობახიძის ხაზმა სუსში. პირდაპირ ვამბობ იმ მაღალჩინოსნებმა სუსიდან, რომლებიც კავშირში არიან კობახიძესთან, ყველას სახელი და გვარი ვიცი, ყველას სათითაოდ გამხელთ დღეს გეუბნებით ამას.

ამასთანავე თხუთმეტიოდე ბოკერია, ხოშტარია, სააკაშვილი აღმოჩნდა რა თქმა უნდა აფხაზეთში, რომლებმაც მთელი ეს პროცესი იმდენად მტრულად მიიღეს დაქოქილი თბილისიდან, აქედან შენთებული ცეცხლით იქაც დაიწყეს დიდი აჟიოტაჟი და ვნებათაღელვა.

მე მინდა ყველას ვუთხრა, ღვთისმშობელს ვერავინ ვერ მოერევა და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს მოვიდა ენგურის ხიდზე. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ივერიის ღვთისმშობელსაც ებრძოდნენ, რომელიც გაბრწყინდა.

მე კიდევ ერთხელ მინდა ენგურის ხიდიდან აფხაზებს მივმართო, ჩემო აფხაზო დებო და ძმებო, მე თქვენ მიყვარხართ, დღევანდელი ფაქტი ვერ გაგვაჩერებს ჩვენ, ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს შერიგების გზაზე. ჩვენ უახლოეს ხანში კიდევ გვაქვს დაგეგმილი ნაბიჯები, რაც სიხარულს მოუტანს აფხაზებს, სიხარულს მოუტანს ქართველებს და ოსებს,"- განუცხადა ჟურნალისტებს ენგურის ხიდთან ირმა ინაშვილმა. 

დღის ამბები