ხვალ ოლიმპიური კომიტეტის ახალ ხელმძღვანელს აირჩევენ. სავარაუდოდ, პოსტს ისევ ლერი ხაბელოვი, უკვე მესამედ დაიკავებს, რადგან ამ დროისთვის, ის ერთადერთი კანდიდატია.
მისი წინააღმდეგია პარტია "ლელო". პოლიტიკურ გაერთიანების წევრები ხაბელოვს კორუფციაში ადანაშაულებენ. ეს განცხადებები გახდა ოლიმპიურ კომიტეტთან ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებსა და პარტიის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი.
"ლერი ხაბელოვი ცდილობს, რომ მესამე ვადით გაიხანგრძლივოს თავისი უფლებამოსილება კონკურენტის გარეშე და ამიტომაც ყველანაირი პროცედურის დარღვევით ნიშნავს საარჩევნო ყრილობას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის არა მხოლოდ კანონმდებლობის, არამედ იმ საერთო სულისკვეთების, რომელიც დღეს სპორტულ ფედერაციებში არსებობს. ეს არის ქართული ოცნების კიდევ ერთი სვლა, რომ სპორტულ ფედერაციებზე საკუთარი ზეგავლენა შეინარჩუნოს," - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური მოძრაობა "ლელო" მსგავსი ხმაურით და აბსურდული ბრალდებებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს:
"გაუგებარია, საერთოდ ეს აბსურდული ბრალდებები, საიდან მოიტანა საერთოდ ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, რომელსაც, როგორც ჩანს, აქვს თავისი დღის წესრიგი, ახლოვდება საქართველოს პარლამენტის არჩევნები, რაღაც მორიგი ქულების დასაწერად მოვიდნენ ორგანიზაციაში, რომელიც საერთოდ აპოლიტიკურია. ეს სესია ტარდება საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წესდებით, რომელიც მიღებულია ერთხმად აღმასკომის სხდომაზე და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე, რომელიც შარშან დეკემბერში გაიმართა," - განაცხადა ელგუჯა ბერიშვილმა.