პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
"ეპიდემიოლოგები, კლინიკური ჯგუფი და მთავრობა სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და სრულად მართავენ პანდემიის გავრცელების რისკებს. ყველაზე მნიშვნელოვანია დისციპლინა მიღებული წესების აღსრულებაში," - განაცხადა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
პრემიერის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, რომ მზად იყოს 3000 საწოლი, იმ შემთხვევისთვის თუ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება:
"8 ათასი PCR ტესტი კეთდება და უახლოეს მომავალში გაიზრდება 10 ათასამდე. ჰოსპიტალურ სისტემაში 112, პირველადი ჯანდაცვის რგოლი, შემდგომ კარანტინი, გამოვლენა, ჰოსპიტალი, ეს სისტემა უკვე მუშაობს საათივით და არანაირი შეფერხება არ იქნება. ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, რომ უახლოეს დღეებში სრულ მზადყოფნაში იყოს 3000 საწოლი, თუ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება რათა შეეძლოთ, რომ მათ სწრაფად და ეფექტურად უმკურნალონ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად სრულად ვფლობთ და ვმართავთ პროცესს და პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს," - განაცხადა გიორგი გახარიამ.