07 სექტემბერი 2026,   13:36
ვრცლად
ბათუმსა და ცაგერში კრონავირუსის კერები თითქმის ლოკალიზებულია - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, აქტიური მუშაობის შედეგად ბათუმსა და ცაგერში კრონავირუსის კერები თითქმის ლოკალიზებულია, შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს იმერეთსა და სამეგრელოშიც:

"ამ 158 დან ყველაზე დიდი რაოდენობა გახლავთ ბათუმი და ბათუმში თითქმის უკვე ლოკალიზებისკენ მივდივართ, აი ასეთი სწრაფი კვლევები და დადასტურებულების რაოდენობა იმის საშუალებას იძლევა, რომ მათი კონტაქტების იზოლაცია მოვახდინოთ, რითიც ჩვენ დაავადების შეწყვეტას განვახორციელებთ, რაც ლოკალიზებას ნიშნავს. ბათუმი თითქმის ლოკალიზებულია, ცაგერიც ლოკალიზებულია. ახლა მიდის ასეთი აქტიური ქმედებები იმერეთში და სამეგრელოშიც. აქტიური გამოვლენა ხდება კონტაქტების და შესაბამისად იზრდება დადასტურებული შემთხვევების ციფრიც, მაგრამ ეს არის საფუძველი ზუსტად იმისა, რომ შემდგომში მივდივართ ლოკალიზაციისკენ და შესუსტებისკენ, რათა დროულად მოხდეს ლიკვიდაცია ამ ახალი წერტილების და წყაროების.

ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, მთავრობასთან საათობრივი ურთიერთობა გვაქვს სამედიცინო სექტორს და ჯანდაცვის სამინისტროს, შესაბამისად დროული, ადეკვატური გადაწყვეტილებების და რეაგირების შედეგად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სიტუაცია ისეთივე მართვადი გახდება, როგორც აქამდე გვქონდა," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით, დღის განმავლობაში დაახლოებით 9000-მდე ტესტი კეთდება.

"გაკეთებული ტესტების რაოდენობის მაჩვენებელია ის რომ გამოვლენის მაჩვენებელი მაღალია. ეს ზუსტად კარგია იმ თვალსაზრისით, რომ მათი იზოლაცია ხდება და იზოლაციის შედეგად გავრცელების მაქსიმალური პრევენციაა. რაც მეტი გამოვლენილი იქნება კონტაქტები და დადასტურებული, მით ნაკლები საშიშროებაა გავრცელების," - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები