გიორგი შაქარაშვილის საქმე და ორი ეპიზოდი, რომელზეც სასამართლო დღეს მსჯელობს. ძალადობის, ჯგუფური ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით ბრლადბეული 6 არასრულწლოვანის საქმეზე დღეს ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე დაიკითხება. ის საქმეში მონაწილეობს, როგორც დამოუკიდებელი სპეციალისტი გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის გადაწყვეტილებით.
ვასილ მახარაძის დაკითხვასთან დაკავშირებით ინფორმაცია დასტურდება. ის ამ წუთებში საბადრაგე სამსახურის ავტომობილში მცხეთის რაიონული სასამართლოს ეზოში იმყოფება. სავარაუდოდ, რამდენიმე წუთში მას სასამართლო დარბაზში შეიყვანენ. თუმცა, დაიკითხება თუ არა ის დღევანდელ სასამართლო პროცესზე და მისცემს თუ არა ის სასამართლოს მხარეების წინაშე ინფორმაციას, უცნობია. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლება მას თავად გააჩნია. არ არის გამორიცხული, მან დაკითხვაზე დღეს უარი განაცხადოს და მკვლელობის ნაწილში დაიკითხოს.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ვასილ მახარაძემ დაკითხვისას უნდა დააკონკრეტოს ვინ იყო ის 2 ადამიანი, რომელიც მასთან ერთად ავტომობილის მოსაბრუნებლად დაბრუნდა „ტოიოტა ქამრში“ და იყო თუ არა, ეს არასრულწლოვანი ზ.ხ. და ვახო ჩიქოვანი.
მცხეთის პროკურატურაში ამ წუთებში ალექსანდრე გეჯაძე იმყოფება, ის პროცესის დაწყებისთვის ემზადება, ალექსანდრე გეჯაძე ინფორმაციას მიაწოდებს სასამართლოს გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზასთან დაკავშირებით.
"ის დაზიანებები, რაც მას ჰქონდა იზოლირებულად აღებული, რეტროპერიტონიალურად და მუცლის წინა კედლის პროექციაზე, სისხლ-ჩაქცევის სახით, მათი ხასიათის და ლოკალიზაციის გათვალისწინებით. ეს დაზიანებები გამოიწვევდა ტკივილის სინდრომს, რაც ბუნებრივია შეუზღუდავდა შაქარაშვილს გადაადგილების და მოძრაობის რესურსს და შესაძლებლობას. შეზღუდვა არ ნიშნავს, რომ მოუსპობდა. არანაირი წინააღმდეგობა არ არის ამ მიმართებით არც ერთ საექსპერტო დასკვნაში," - განაცხადა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" დირექტორბა ალექსანდრე გეჯაძემ.
ადვოკატებისთვის გაუგებარია რატომ იმყოფება დღეს სასამართლოში და რატომ იკითხება როგორც მოწმე, ალექსანდრე გეჯაძე. ისინი კრიტიკული შეკითხვებისთვის ემზადებიან. მათი ინფორმაციით, ყველა არასრულწლოვანი პროცესს დაესწრება.
"არ ვიცით იმ მოწმეთა ვინაობა, თუ ვის წარადგენს ბრალდების მხარე სასამართლო პროცესზე, ასევე რაოდენობა არ ვიცით რამდენი მოწმე იქნება მოყვანილი. დაველოდებით წარდგენილ მოწმეებს და დავუსვამთ დაცვის მხარისთვის საინტერესო კითხვებს," - აცხადებს ვახტანგ ჩიქოვანის და არასრულწლოვან ნ. ც.-ს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე.