გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების არსებითი განხილვა დღეს კონსტანტინე ღიბრაძის დაკითხვით განახლდა. მან სასამართლოს უნდა უამბოს, რა ვითარებაში მიიღო დაზიანება რკინის ხელკეტით და რა დაინახა 18 ივნისის ღამეს.
დიჯეიმ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რა მოხდა 18 ივნისის ღამეს ავტომაგისტრალზე, "მერსედესის" ეპიზოდის კუთხით.
ასევე, დღევანდელ სხდომაზე იმ ავტომობილის მძღოლიც დაიკითხება, რომელიც "მერსედესის" ეპიზოდის დროს ავტომაგისტრალზე გადაადგილდებოდა.
"კონსტანტინე ღიბრაძე იმყოფება ამ ეტაპისთვის სასამართლოში. ჩვენ რა თქმა უნდა, გვექნება შემდეგი სახის კითხვები - თუ რა მოხდა რეალურად ხიდის ეპიზოდში და მოლოდინი გვაქვს, რომ დეტალურად გაიხსენებს მომხდარ ფაქტს და რა თქმა უნდა, მოლოდინი გვაქვს, რომ არანაირ ორგანიზებაზე საუბარი კოკო ღიბრაძეს არ ექნება მოცემულ შემთხევაში," - განაცხადა ვახტანგ ჩიქოვანის და არასრულწლოვან ნ. ც.-ს ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ.
განცხადება გააკეთა არასრულწლოვან ლ. შ.-ს ადვოკატმა ზაქარია გვიშიანმაც:
"ვინც არ უნდა დაიკითხოს, აქამდე დაკითხული მოწმეებით უარყოფილ იქნა ბრალდების მხარის პოზიცია და ვერსია, რომ იყო ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და პირიქით, მტკიცდება ის ფაქტი, რომ ადგილი არ ჰქონია ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. რა თქმა უნდა, საინტერესოა დარჩენილი მოწმეების დაკითხვა,“ - განაცხადა ზაქარია გვიშიანმა.