20 აპრილი 2024,   03:19
ვრცლად
შმაგი მუთოშვილს თელავის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

პანკისის ხეობაში, 27 ივლისს, ქავთარაშვილების სახლის დაცხრილვაში ბრალდებულ შმაგი მუთოშვილს, თელავის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  

"მისი მხრიდან, ახალი დანაშაულისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხიდან გამომდინარე, ბრალდების მხარე აღკვეთი ღონისძიების სახით დაპატიმრებას ითხოვდა, რაც სასამართლომ სრულიად დააკმაყოფილა,"- აღნიშნა "კურიერთან" საქმის პროკურორმა შოთა სარიამ.

გამოძიება მუთოშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 მუხლის მესამე ბ-ა ქვე პუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობის მცდელობას, ასევე 216-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.

დაცვის მხარე დაკავებულის 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. 

"ჩვენი პოზიცია იყო, რომ მას შესაძლებელი იყო შეფარდებოდა გირავნობა, რადგანაც ის ამ ხნის განმავლობაში, რაც გამოძიება მიმდინარეობდა, არ მიმალულა, არანაირი ზემოქმდება მოწმეებზე არ მოუხდენია, აქედან გამომდინარე შესაძლებელი იყო გირავნობის გამოყენება,"- განაცხადა "კურიერთან" შმაგი მუთოშვილის უფლებადამცველმა ბაადურ გულიაშვილმა.

შმაგი მუთოშვილს 2020 წლის 27 ივლისს, ქავთარაშვილების სახლის დაცხრილვას ედავებიან.

პანკისის ხეობაში, ორ გვარს შორის, ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის დაპირისპირება 2019 წლის ნოემბერში მოხდა. მაშინ ერთმანეთს ვისო მუთოშვილი და მურად ქავთარაშვილი დაუპირისპირდნენ, ორმხრივი სროლის დროს ვისო მუთოშვილი ადგილზე გარდაიცვალა, მურად ქავთარაშვილი დაიჭრა. 

დღის ამბები