19 ნოემბერი 2024,   03:22
ვრცლად
დაზარალებულის ჩვენება არადამაჯერებელია, არ დასტურდება არცერთი მტკიცებულებით - ტაჯიკელი ბიზნესმენების გატაცების საქმეზე დაკავებულთა ადვოკატი

თანხის გამოძალვა იარაღის, დანის და ბეისბოლის სამი ხელკეტის გამოყენებით - ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მძიმე ბრალდებით დაკავებული 4 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების ფორმის განსაზღვრაზე მსჯელობენ. დანაშაულს არცერთი აღიარებს და ყველა დუმილის უფლებას იყენებს. საქმე რამდენიმე ეპიზოდს აერთიანებს. 

ტაჯიკელი ბიზნესმენების გატაცების საქმეზე დაკავებულების ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ პროკურატურას საკმაოდ სუსტი არგუმენტი აქვს და საქმეში პირდაპირი მტკიცებულებები არ მოიპოვება.

"დაზარალებულის ჩვენება არ დასტურდება არცერთი მტკიცებულებით. პირიქით საქმეში არ დასტურდება არცერთი უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს რაიმე სახის დანაშაული. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მათ მიმართ დადგება სრული გამამართლებელი განაჩენი.

მათი დაკავება მოხდა დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე, თუმცა იმისათვის, რათა პირისათვის დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი უნდა არსებობდეს მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება. დაზარალებულის ჩვენება არ დასტურდება არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით. პირიქით, დაზარალებულის ჩვენება არის არადამაჯერებელი, ალოგიკური, წინააღმდეგობრივი და ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს," - განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

ცნობისთვის, თბილისსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს პოლიციამ ბიზნესმენ ვახტანგ ფარეულიძის ძმა, პირადი მძღოლი და მისი გარემოცვის კიდევ ორი წევრი აიყვანა.

ერთ-ერთი ვერსიით, საქმე უკავშირდება არ შემდგარ გარიგებას. სწორედ შეთანხმების დარღვეული პირობების გამო გადაწყვიტეს ბიზნესმენ ფარეულიძის გარემოცვის წევრებმა გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. იყო დაძაბული საუბარიც, რის შემდეგაც ტაჯიკი ბიზნესმენების სახელით პოლიციაში განცხადება შევიდა. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, 2 აირის პისტოლეტი, ერთი ცალი დანა და ბეისბოლის 3 ხელკეტი.

დღის ამბები