კორონავირუსით გარდაცვლილი 24-ე პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რომლის გართულებაც კორონავირუსულმა ინფექციამ გამოიწვია და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს.
70 წლის მამაკაცი მკურნალობას 18 აგვისტოს შემდეგ, ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა.
მარინა ენდელაძის თქმით, პაციენტს კორონავირუსზე ჩატარებულმა რამდენიმე ტესტმა აჩვენა, რომ მამაკაცს ვირუსი აღარ ჰქონდა.
"დღეს გარდაიცვალა დილის 8 საათზე ჩვენთან ერთი პაციენტი, რომელიც იყო ჩვენს კლინიკაში შემოსული 18 აგვისტოს. ჰქონდა ძალიან მძიმე ფონური დაავადებები, კერძოდ, ის იყო ხორხის კიბოს გამო ახალი ნაოპერაციები, მას ჰქონდა თავიდანვე, შემოსვლისას ორმხრივი პნევმონია, ბულოზური ეფიზემა, ანემია, მარჯვენა ფილტვის ქვედა წილოვანი თრომბოემბოლია. მისი მდგომარეობა კოვიდ-19-ის მხრივ გარკვეულწილად გაუმჯობესდა, იმიტომ რომ უკვე 3-4 სექტემბერს იყო უარყოფით, ორჯერადი დატესტვის, შემდგომ გავიმეორეთ კვლავ 11 სექტემბერს, ისევ უარყოფითი იყო, მაგრამ მისი მძიმე ფონური დაავადებების გამო, რაც შეეხება ონკოლოგიურ პათოლოგიას და მრავალ სხვა პათოლოგიას, პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა და დღეს დილით 8 საათზე გარდაიცვალა,“ - აცხადებს მარინა ენდელაძე.