ქუთაისში, მესამე სამშობიარო სახლის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სამშობიაროს კოვიდკლინკილად გადაკეთებას აპროტესტებენ. მათი თქმით, გუშინ ხელმძღვანელმა უთხრა, რომ სამშობიარო განყოფილება დროებით დაიხურება და მშობიარეებს აღარ მიიღებენ.
მედიკოსების განცხადებით, ისინი სამსახურის გარეშე რჩებიან და მათი პაციენტები სხვა კლინიკაში გადავლენ.
"ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ გადაწყვეტილებას ის იღებს და არ აინტერესებს თანამშრომლების პროტესტი. გვითხრეს, რომ ვისაც უნდა დარჩება და იმუშავებს, მაგრამ როგორ წარმოუდგენიათ, გინეკოლოგმა ეპიდემიოლოგად იმუშაოს? 55-მა თანამშრომელმა ხელმოწერა შევადგინეთ ადმინისტრაციის სახელზე და მოვითხოვთ, გამოგვიყონ ფართი, სადაც შევძლებთ ჩვენი პაციენტები მივიღოთ. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ვაპირებთ აქციები გავაგრძელოთ. აქ არ არის სათანადო ინვენტარი და აღჭურვილობა, რომ კოვიდცენტრად იმუშაოს,"- განაცხადეს თანამშრომლებმა.
სამშობიაროს ხელმძღვანელის თქმით, კლინიკა კოვიდცენტრად რამდენიმე თვით გადაკეთდება, ხოლო ამ დროის განმავლობაში თანამშრომლების ნაწილს შესთავაზეს, რომ ამ პირობებში ემუშავათ, რაზეც უარი მიიღეს. მედია შავიშვილის თქმით, კლინიკის კოვიდცენტრად გადაკეთება სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა და ექიმების პროტესტი უსაფუძვლოა.