17 აპრილი 2024,   03:23
ვრცლად
სროლა და აფეთქებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სადავო ტერიტორიაზე - მხარეები უკვე მეორე დღეა ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ

სროლა და აფეთქებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სადავო ტერიტორიაზე - დღეს დილიდან სომხეთმა ტერტერზე იერიში მიიტანა. საომარი მოქმედებები რამდენიმე საათის წინ სწორედ ამ ადმინისტრაციულ ერთეულში განახლდა.

მიმდინარეობს საარტილერიო ბრძოლები, იბომბება მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებული პუნქტები. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სამხედრო ძალების განცხადებით, აზერბაიჯანის სამხედრო ძალებს ისევ დაკავებული აქვთ სოფლები.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომხეთის შემდეგ სამხედრო ძალების ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა აზერბაიჯანმაც, განკარგულებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოაწერა.

დაბომბილია სომხური მხარის საწყობები და განადგურებულია საბრძოლო ტექნიკაც. ორივე მხარე დაღუპულების და დაშავებულების შესახებ სხვა და სხვა ინფორმაციას ავრცელებს.

მხარეები უკვე მეორე დღეა ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. ჯერჯერობით ზუსტი ცნობა დაღუპულების და დაშავებულების შესახებ არ არსებობს. საკუთარ დანაკარგზე საუბრობს მხოლოდ არაღიარებული ყარაბაღი. კერძოდ, გავრცელდა ინფორმაცია 46 დაღუპულის შესახებ.

რაც შეეხება სომხეთს, ის მხოლოდ აზერბაიჯანის მსხვერპლზე საუბრობს. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 22 აზერბაიჯანელი ჯარისკაცის ცხედარია აღმოჩენილი. უწყება მათ სიასაც აქვეყნებს. აზერბაიჯანი კი დილიდან 10 სოფლის დაკავების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და მიუთითებს, რომ შეტაკებების შედეგად 550-მდე სომეხი სამხედრო დაიღუპა. პარალელურად, ოფიციალური ბაქო ერევანს მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართულ თავდასხმაში სდებს ბრალს.

"სომხეთი განზრახ არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის კანონებს და 1949 წლის ჟენევის კონვენციას. განზრახ უმიზნებს აზერბაიჯანის მშვიდობიან მოსახლეობას და ინფრასტრუქტურებს," - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"გაჩნდა კითხვები იმის შესახებ, დავკარგეთ თუ არა სამხედრო პოზიციები მთიან ყარაბაღში. ჩვენ დავკარგეთ აზერბაიჯანთან გარკვეული პოზიციები თალიშის მიმართულებით და სამხრეთ ფრთაზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ პოზიციების დაბრუნება არ შეგვიძლია," - აცხადებს ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი არაიკ არუთუნიანი. 

"პოზიციების აღდგენის შედეგად მოწინააღმდეგის რამდენიმე ათეული გვამი სომხეთის მხარეზე დარჩა სომხეთის მხარეზე დარჩა. მთელი ღამის განმავლობაში ბრძოლა მიმდინარეობდა სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილოეთის მიმართულებებით, მიმდინარეობს დაკარგული პოზიციების დაკავების ოპერაცია," - წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი შუშან სტეფანიანი.

დღის ამბები