საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩის მრჩეველი ელდარ ბაირამოვის განცხადებით, მატ აქვთ ინფორმაცია, რომ დღეს ღამით სომხეთის სამხედრო ძალები კვლავ განაახლებენ თავდასხმებს.
ბაირამოვის თქმით, სომხეთის სამხედრო ძალების ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნია რეგიონის უსაფრთხოებას.
"გუშინ სომხეთის სამხედრო ძალებმა უხეშად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დაიწყო ინტენსიური თავდასხმები სოფლებზე. ისინი იერიშებს ახორციელებდნენ იმ მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობაა. შედეგად, სერიოზული ზიანი მიადგა საცხოვრებელ სახლებსა და ინფრასტრუქტურას. იყო ცნობები დაშავებული და გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედროების შესახებ. საჭირო გახდა აზერბაიჯანის 19 მოქალაქის ჰოსპიტალიზაცია.
გვაქვს ინფორმაცია რომ დღეს ღამით სომხეთის სამხედრო ძალები კვლავ განაახლებენ თავდასხმებს. სომხეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული შეტევები უხეში დარღვევაა ადამიანის საერთაშორისო უფლებების, მათ შორის - ჟენევის კონვენციის.
სომხეთი აზერბაიჯანის მიწების ოკუპაციას გეგმავს. ჩვენ განუწყვეტლივ ვაცხადებთ, რომ სომხეთის სამხედრო ძალების ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნია რეგიონის უსაფრთხოებას," - განაცხადა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩის მრჩეველმა ელდარ ბაირამოვმა.
უკიდურესად დაძაბულია ვითარება მთიან ყარაბაღში. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშის მიტანაში სდებენ ბრალს. სომხეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანელი სამხედროები მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ საარტილერიო შეტევას აგრძელებენ.
პარალელურად, აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას, რომ სომეხმა სამხედროებმა ტარტარის რაიონში სტრატეგიული ხიდი დაბომბეს და პოლიციის შენობაზეც მიიტანეს იერიში. ორივე ქვეყნის წარმომადგენელი ამბობს, რომ მოწინააღმდეგე მხარე დეზინფორმაციას ავრცელებს. მათივე შეფასებით, მიზანია, რომ გადაიფაროს დაპირისპირების შედეგად მიღებული დანაკლისი. ამ მწვავე დაპირისპირების ფონზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის ერთგულია.