უკიდურესად დაძაბული რჩება ვითარება მთიან ყარაბაღში - აზერბაიჯანული და სომხური მედიის ინფორმაციით, მხარეებს შორის დაპირისპირება ღამის განმავლობაშიც მიმდინარეობდა.
სომხეთის თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელი სამხედროების მხრიდან მდინარე არაქსის ხეობაში ფართომასშტაბიანი შეტევის შესახებ აცხადებს. ოფიციალურმა ერევანმა ინფორმაცია გაავრცელა აზერბაიჯანის საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებაც, რასაც ბაქოში უარყოფენ და დეზინფორმაციას უწოდებენ.
გარდაცვლილი სამხედროების შესახებ განახლებულ მონაცემებს ავრცელებს სომხური მხარე. მათი ინფორმაციით, ბოლო სამ დღეში საერთო ჯამში 84 სომეხი სამხედრო დაიღუპა.
საერთაშორისო მედიაში ვრცელდება ინფორმაცია თურქეთის მიერ აზერბაიჯანის დასახმარებლად სირიელი მებრძოლების გაგზავნის შესახებ. აზერბაიჯანული მხარე გავრცელებულ ცნობებს უარყოფს.