მარნეულში "ქართული ოცნების" საარჩევნო სპეციალისტის ცემის ფაქტზე მმართველი პარტიისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.
პარლამენტის მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ზაურ დარგალი აცხადებს, რომ ერთადერთი, ვისაც წინასაარჩევნოდ პროვოკაცია და ძალადობა აწყობს, "ნაციონალური მოძრაობაა".
"ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ეს არის სახე იმ ძალების, რომლებიც ცდილობენ, სხვადასხვა პროვოკაცია შექმნან წინასაარჩევნოდ. ერთადერთი, ვისაც აწყობს პროვოკაცია, ძალადობა და დაძაბულობა - არის "ნაციონალური მოძრაობა", - აცხადებს ზაურ დარგალი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის და გარდაბნის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა აგილ მუსტაფაევმა განაცხადა, რომ დღეს მომხდარ ინციდენტთან მათ არანაირი კავშირი არ აქვთ და "ქართული ოცნება" ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.
"დღეს მომხდართან დაკავშირებით ძალიან ცრუ ინფორმაციას ავრცელებს "ქართული ოცნება". ჩვენ, საერთოდ, მაგ შემთხვევასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. ეს ადამიანი გუშინდელ ინციდენტში იღებდა მონაწილეობას, დღეს უნდა ყოფილიყო დაკითხვაზე, მაგრამ, როგორც ვხედავთ, "ქართულ ოცნებას" არ უნდა იმ ადამიანების დაკითხვა და პოლიციაში დაბარება, იმიტომ, რომ ისეთ რაღაცებს თამაშობენ და აკეთებენ, რომ რამენაირად ეს ადამიანები გაანეიტრალონ ამ პროცესებიდან," - აცხადებს აგილ მუსტაფაევი.
შეგახსენებთ, შემთხვევა დღეს დილის საათებში მარნეულში მოხდა, რა დროსაც "ქართული ოცნების" საარჩევნო სპეციალისტს თავს 3 ადამიანი დაესხა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
"ქართული ოცნების" წევრები მათი წარმომადგენლის მიმართ მიზანმიმართულ პროვოკაციასა და ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობენ.