ძალადობა არ არის ჩვენი სტილი, ვემიჯნებით წუხელ მომხდარ ძალადობას - ეს განცხადება "დღის კურიერში" პარლამენტის მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ზაურ დარგალმა გააკეთა.
"მოსახლეობამ შეურაცხყოფა მიიღო გუშინ, როდესაც ჩაიხანის ტერიტორიაზე ჩვენ აქტივისტებთან ერთად, მუნიციპალიტეტის სხვა მაცხოვრებლებიც ისხდნენ. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გამოვიდა და ვინც ჩვენი შტაბის წინ იჯდა, ყველას დედა აგინა. ეს არ არის პროვოკაცია, ახლა რომ გამოდიან და იძახიან, "ქართული ოცნების" მხრიდან ხდება ეს პროვოკაციაო.
რაც შეეხება ჩვენი შტაბის საარჩვევნო სპეციალისტის ცემას, მას ახლა ოპორაცია უტარდება. ეს არის იმ ძალების სახე, რომლებმაც იციან, რომ კატასტროფულად აქვთ არჩევნები წაგებული და ცდილობენ სხვადასხვა პროვოკაციები მოაწყონ.
ეს არის ძალიან სამწუხარო პროცესი, მაგრამ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა, რომ შექმნან დაძაბულობა მარნეულში,"-განაცხადა "დღის კურიერში" ზაურ დარგალმა.
შეკითხვაზე - "ქართული ოცნების" კანდიდატს, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია ვინ დაესხა თავს "მთავარი არხის" და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, ზაურ დარგალმა განაცხადა, რომ ემიჯნება ძალადობას, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ამ კითხვას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.