საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, რომელსაც მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობაში სდებენ ბრალს, ორი დღის შემდეგ დუმილი დაარღვია. ამირან გიორგაძე ირწმუნება, რომ ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი არავის უცემია. მისი თქმით, ის თავად გაიქცა, ღობეზე გადახტა და დაეცა. მისი განცხადებით, ჟურნალისტი ამბობდა, ვითომ ნაცემია.
პარალელურად, მარნეულში "ევროპული საქართველოს" წევრები და მომხრეები, მერიასთან, საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან გიორგაძის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბნენ.
ისინი მარნეულში გუშინ მომხდარი დაპირისპირების მთავარ ფიგურანტად, სწორედ ამირან გიორგაძეს მოიხსენიებენ და მომხდარ ფაქტზე მისგან, პასუხს ითხოვენ.
"ვითხოვთ საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას, რომელმაც იძალადა ჟურნალისტებზე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებზე და ოპონენტებზე. ასეთი წარმომადგენელი არ უნდა იყოს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და მერიაში არ უნდა ჰყავდეთ ასეთი საჯარო მოხელეები,"-განაცხადა ახმედ იმამკულიევმა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ის ინციდენტის მონაწილეებს მხოლოდ აშველებდა.
მისი თქმით, გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ, ხოლო თუკი დაიბარებენ, მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
"ნაკლებად მაინტერესებს ახმედ იმამკულიევი რას ფიქრობს, მე ვარ მოსახლეობის არჩეული, თუ მოსახლეობა მოითხოვს, კი ბატონო. გამოიკვეთა ჩვენი უპირატესობა, ამიტომ მოდის ჩემზე შეტევა, რომ ამირან გიორგაძე მონაწილეობდა ამ ჩხუბში. იმ პერიოდში, როცა იქ შეხლა-შემოხლა მიმდინარეობდა, ყველა კამერა ჩართული იყო, ტელეფონებით იღებდნენ. თუ სადმე ფიქსირდება, რომ ამირან გიორგაძე ვინმეს ხელს ურტყამს, კი ბატონო, მივიღებ გადაწყვეტილებას. ერთადერთი, რასაც ვაკეთებდი, როცა გავიგე, იქ ჩხუბი იყო, გამოვედი შტაბიდან და ვაშველებდი ხალხს,"- განაცხადა ამირან გიორგაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მარნეულში ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც ჟურნალისტებს და აქტივისტებს სცემეს.