ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს. როგორც "კურიერმა" გაარკვია, მან შესაბამისი განცხადებით ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართა.
გუშინ, ინფექციურ საავადმყოფოში კლინიკური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თავად თენგიზ ცერცვაძე უძღვებოდა. ინფექციონისტები ამბობენ, რომ კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც საავადმყოფოში გვიან ღამით ჩატარდა, ამ თემაზე განცხადება არ გაკეთებულა. ისინი ამბობენ, რომ დეტალებზე განმარტება თავად ინფექციური საავადმყოფოს ჯერ კიდევ მოქმედება დირექტორმა უნდა გააკეთოს. მათ მიზეზებზე საუბარი უჭირთ.
"მე არ შევსწრებივარ ამ ინფორმაციას, რომ ბატონ თენგიზს ეთქვა, რომ მიდის. მე არ ვიცი და შეიძლება წავიდა,“ - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ.
თენგიზ ცერცვაძე სამედიცინო ცენტრს 13 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
თავად ცერცვაძეს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია, უცნობია თანამდებობიდან წასვლის მიზეზიც.