17 ნოემბერი 2024,   19:57
ვრცლად
ხელისუფლებას არ აქვს რეგიონში ის ავტორიტეტი, რომ ასეთი დაძაბულობის დროს მათ სიტყვას ფასი ჰქონდეს - გიგა ბოკერია

რა ბერკეტები აქვს საქართველოს, რომ მეზობელ სახელმწიფოებს შორის არსებული კონფლიქტის დარეგულირებაში ჩაერთოს - ხელისუფლება აზერბაიჯანსა და სომხეთს დიალოგის პროცესში შუამავლობას სთავაზობს, რასაც ოპოზიციის ნაწილი დადებითად აფასებს, მეორე ნაწილი კი ინიციატივას დაგვიანებულს უწოდებს.

ოპოზიციის გარკვეული სპექტრი, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუსტ პოზიციონირებაზე აკეთებს აქცენტს. "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას მოსაზრებით, საქართველოს ხელისუფლებას მსგავსი სამშვიდობო როლის შესრულებისთვის შესაბამისი ავტორიტეტი არ გააჩნია. 

"პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არც რეგიონში და არც მსოფლიოში არ აქვს ის ავტორიტეტი, რომ მათ სიტყვას ჰქონდეს ფასი ასეთი დაძაბულობის დროს, რაც არ უნდა თქვან. ამასთან, უშიშროების საბჭოს მოწვევა დაგვიანებული იყო და ყველამ იცის, რომ ეს ორგანო, რეალურად, აღარ არსებობს, ამიტომ, დატვირთვა არ აქვს იმას, რასაც იტყვიან. ესაა პრობლემა. ისე, ეს განცხადება დაგვიანებულია, საქართველო რა თქმა უნდა ასეთ ვითარებაში არ უნდა გამოჩნდეს მხარედ,"-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე საქართველოს მხრიდან ყველანაირი ბერკეტის მაქსიმალურად გამოყენებას მიესალმება. 

"საჭიროა ყველა იმ ბერკეტის მაქსიმალურად გამოყენება, რაც გააჩნია საქართველოს, გამომდინარე მისი პოლიტიკური და გეოგრაფიული მდგომარეობიდან, რომ იყოს აღკვეთილი ეს კონფლიქტი. საქართველო ყოველთვის იყო მშვიდობის დამყარების ფაქტორი რეგიონში. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს ამ საომარი მდგომარეობის შეჩერებას, სწორია,"-განაცხადა რომან გოცირიძემ.

მმართველი პარტიის წარმომადგენლის, გია ვოლსკის განცხადებით ხელისუფლება მზადაა, ამ პროცესშია შუამავლის როლი იკისროს, რათა კონფლიქტი ომის გარეშე გადაწყდეს, 

"კატეგორიულად მიუღებელია ომით გადაწყვეტილი რაიმე პრობლემა და ძალიან დიდ ტკივილს გვაყენებს ის, რაც ხდება. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენ მზადა ვართ ვიყოთ შუამავალი, დავუთმოთ ნებისმიერი ფორმატი მოლაპარაკებებისთვის, მზად ვართ მივაწოდოთ ჰუმანიტარული ტვირთები როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, მზად ვართ, რომ სამხედრო ტვირთების გადატანაზე საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტის გამოყენებით, ამაზე უარი ვთქვათ, ეს არის ჩვენი პოზიცია და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების დემონსტრირება,"-განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები