ლაშა ქველაძეს 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს. ადვოკატების თქმით, ისინი დღესვე აპირებენ გირაოს გადახდას და მათი დაცვის ქვეშ მყოფები დღესვე გამოვლენ.
რაც შეეხება არიფ იუსუფოვს, მას თანხის გადახდამდე, გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ, ხოლო ლაშა ქველაძე, სავარაუდოდ, მატროსოვის ციხეში იქნება გადაყვანილი. ადვოკატების თქმით, ინფორმაცია, ჯერჯერობით, დაზუსტებული არ არის.
ქვემო ქართლში მომხდარი დაპირისპირების ორ ეპიზოდში ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. მოსამართლეებმა "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" აქტივისტებსაც პატიმრობა ფულადი თანხის სანაცვლოდ შეუცვალეს. მმართველი პარტიის წევრებისთვის პროკურატურა 5 000 ლარს ითხოვდა, თუმცა საბოლოოდ გირაო 4 000 ლარით განისაზღვრა. ეს პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართა. სხდომის შემდეგ კი მხარეებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
"მოსამართლე დევი დევიძემ დღეს ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 5 000 ლარის ოდენობის გირაოს ნაცვლად დააკისრა ლაშა ქველაძეს 3 000 ლარის ოდენობით 60 დღის ვადით," – აცხადებს ლაშა ქველაძის ადვოკატი დიანა მარტიაშვილი.
არიფ იუსუფოვის ადვოკატი როსტომ ლაზარია აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და დღეს დაზარალებულის სტატუსით უნდა ყოფილიყო, თუმცა ბრალდების სტატუსით არის წარმოდგენილი.
"თვლის, რომ არის უდანაშაულო და მის მიმართ არის განხორციელებული ძალადობა და პირიქით - ის დღეს დაზარალებული უნდა ყოფილიყო, სამწუხაროა, რომ ბრალდების სტატუსით არის წარმოდგენილი და ალტერნატიული სახით ვითხოვეთ, რომ გირაოს თანხა გამოყენებულიყო 2 000 ლარის ოდენობით, შესაბამისად მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, არ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა ნაწილობრივ და გირაოს სახით შეუფარდა 4 000 ლარის ოდენობით თანხა," – აცხადებს როსტომ ლაზარია.