ლუკა სირაძის ოჯახი მსჯავრდებული გამომძიებლის ადვოკატს გარდაცვლილი სკოლის მოსწავლის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. არასრულწლოვნის ძმა ამბობს, რომ გაგი მოსიაშვილმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ის თვითმკვლელობის დროს ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა.
ბექა სირაძის თქმით, საქმეზე სისხლის ორი ექსპერტიზა არსებობს. ერთი, რომელიც შემთხვევის ადგილზე ჩატარდა და ნარკოტიკული ნივთირებები არ დაფიქსირდა, მეორე კი კლინიკაში ყოფნის დროს, როდესაც სისხლში მორფის კვალი დაფიქსირდა, რაც კლინიკაში სამედიცინო მიზნებით გამოიყენეს.
შეგახსენებთ, 15 წლის ლუკა სირაძეს პოლიცია სკოლის კედლების მოხატვას ედავებოდა. ინსპექტორის სამსახურის შეფასებით, გამომზიებელმა მარიანა ჩოლოიანმა ლუკა სირაძის დაკითხვა მაქსიმალურად დამთრგუნველად და მუქარით წარმართა. გამოძიებით დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნის მიმართ ფსიქოლოგიური იძულების ფაქტს, მათ შორის მარიანა ჩოლოიანმა ლუკა სირაძეს დაუპირისპირა ამავე პერიოდში პოლიციის განყოფილებაში დაბარებული სხვა მოწმეები. 15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სავარაუდოდ პოლიციაში მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. ის გასული წლის 17 დეკემბერს რამდენიმე დღიანი კომის შემდეგ იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.