საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილის მეუღლე "კურიერთან" ამბობს, რომ მისი მეუღლე ორ პოლიტიკურ ძალას შორის ბრძოლას ეწირება.
"დაგვირეკა, რომ დაგვაკავესო. მასთან ერთად ილიჩოვაც დაუკავებიათ. მიზეზი არის პოლიტიკური, იმიტომ რომ ყველა კარგად ხედავს, ეს არის თეთრი ძაფით ნაკერი. ეს ახლა არ დაწყებულა, ეს არის დიდი ხნის სპექტაკლი, რომელიც დადგეს. როცა კომისია გამოცვალეს, მაშინვე შემეპარა ეჭვი, იმიტომ რომ კომისიას ბრალი არაფერი ჰქონდა, ძალიან ძლიერი კომისია იყო. ჩვენ ვისრისებით იმაში, რომ ერთი პოლიტიკური ძალა ებრძვის მეორეს,"-უთხრა "კურიერს" ივერი მელაშვილის მეუღლემ.
რაც შეეხება ნატალია ილიჩოვას, მეზობლებს არ აქვთ ინფორმაცია, როდის დააკავეს ის.
შეგახსენებთ გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის სასაზღვრო ზოლზე დაწყებულ გამოძიების ფარგლებში ორი პირი, საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.