11 სექტემბერი 2026,   08:31
ვრცლად
რა იყო მოტივი, რის გამოც გარეჯის კომისია სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით ხელმძღვანელობდნენ - პროკურორის განმარტება

პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაური საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის 2 წევრის დაკავებაზე საუბრისას აცხადებს, რომ ბრალდებულები გაცნობიერებულად აყენებდნენ სახელმწიფო ინტერესებს და გვიანდელ რუკებს იყენებდნენ.

ჯარჯი წიკლაური ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება და ეტაპობრივად ყველა კითხვაზე პასუხი გაეცემა. 

"შესაძლო მოტივზე არსებობს სხვადასხვა ვერსია, ვინაიდან ამ ეტაპზე ადრეა საუბარი გამოძიების საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გრძელდება ანალიზი ინფორმაციისა. დასაკითხი არიან ასევე მნიშვნელოვანი მოწმეები და შემდეგ უკვე ერთობლივი ანალიზით ჩვენ შევძლებთ კითხვებს სრულყოფილად გავცეთ პასუხი. სულ რაღაც ერთი თვეა, რაც გამოძიება მიმდინარეობს და ბუნებრივია, ყველა კითხვაზე პასუხი ამ ეტაპზე ვერ იქნება. თუმცა, რაც მთავარია, დადგენილია ექსპერტიზის დასკვნით, რომ ამ ადამიანებმა, ნაცვლად ჩვენი სახელწიფოს ინტერესების დასაცავად რელევანტური მასალისა, გამოიყენეს გვიანდელი, 80-იანი წლების რუკები, რითაც განზრახ, გაცნობიერებულად შელახეს სახელმწიფო ინტერესი და საფრთხის ქვეშ დააყენეს ჩვენი ისტორიული ტერიტორიები. ეს არის დადგენილი ამ ეტაპზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რასაც დაეყრდნო ბუნებრივია ბრალდება, როდესაც დევნა დავიწყეთ," - განაცხადა პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ ჯარჯი წიკლაურმა "დღის კურიერში" სტუმრობისას. 

გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის სასაზღვრო ზოლზე დაწყებულ გამოძიების ფარგლებში ორი პირი, საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.
 

დღის ამბები