11 სექტემბერი 2026,   08:30
ვრცლად
ივერი მელაშვილი ბრალს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას გამორიცხავს - ადვოკატი

ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე და 13 წლის შემდეგ დამდგარი შედეგი - 2007 წელს დაშვებული შეცდომების გამო პასუხისგებაში მიცემული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩევა ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდებიან.

როგორც  ივერი მელაშვილი ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს ბრალდებას და არ აპირებს გამოძიებასთან თანამშრომლობას. ადვოკატის თქმით, ივერი მელაშვილი მის დაკავებას პოლიტიკურ საკითხს უკავშირებს.

რაც შეეხება მეორე დაკავებულს, მისი ოფიციალური პოზიცია უცნობია, შესაძლოა ორივე დაკავებული ერთმა ადვოკატმა დაიცვას.

"მისთვის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს ცალსახად. გამორიცხავს რაიმე ფორმით გამოძიებასთან თანამშრომლობას იმიტომ, რომ მისთვის ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა. ამ ეტაპზე მოვითხოვ საქმის მასალების გადმოცემას. შემდეგ მოვემზადებით აღმკვეთი ღონისძიებისთვის, სადაც ასევე მივიჩნევთ, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ ბატონი ივერი მელაშვილი დარჩეს აღმკვეთ ღონისძიებაში. მისი პოზიციით, ეს ყველაფერი პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება. ეს არის მისთვის ერთადერთი ახსნა, თუ რატომ შეიძლებოდა დაწყებულიყო მის მიმართ სამართლებრივი დევნა და ზოგადად ამ საქმის წამოწევა," - აღნიშნა ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა.

საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ ივერი მელაშვილის ოჯახის წევრები. 

"აბსურდულია და მართლაც წინასაარჩევნოდ არის. ესაა დიდი სპექტაკლი, რომელსაც დიდი ხანია დგამდნენ. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კომისია შეცვალეს. მაშინვე მე გამიჩნდა ეჭვი რომ რაღაცას აპირებდნენ. ამდენი ხნის განმავლობაში, 8 წელია მოსული არიან ესენი, თუ რამე იყო შეცდომა, ნუთუ მაშინვე ვერ ნახეს. ან ეს ახალმა კომისიამ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ნახა. ისიც ხომ სისულელეა, რატომ უნდა დამალო შენი ქვეყნისთვის გამოსადეგი რამე, როცა შენ პატრიოტი ხარ და შენს ქვეყანაზე გული შეგტკივა. ესენი ორ გოლიათს შორის იჭყლიტებიან. ეს არ არიან პოლიტიკური პიროვნებები, ესენი არიან ჩვეულებრივი ხალხი, რომელიც მუშაობენ თავიანთი ქვეყნისთვის," - განაცხადა დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლემ თამარ სულაძემ.

ქვეყნის საწინააღმდეგოდ მომზადებული სქემა პროკურატურამ თვენახევარში გაშიფრა. ირკვევა, რომ 3500-ს ჰექტრამდე მიწის ფართობი, რომლის დაკარგვის საფრთხეც არსებობდა, გაშლილია 303 კილომეტრის სიგრძეზე. ყველაზე მეტი ტერიტორია კი იკარგებოდა მდინარე იორის გასწვრივ. ამ მონაკვეთზე საშიშროება შეექმნა 552ჰექტრამდე ფართობს. 426 ჰექტარზე მეტი, საფრთხის წინაშე აღმოჩნდა მწვერვალ ვოსეგევა მთის მიმდებარედ. მაწიმისწყალის ხიდიდან მდინარის გასწვრივ მეზობელი ქვეყნის საზღვრებში ექცეოდა408 ჰექტარი.ამას გარდა სამთავრობო კომისია ტერიტორიებს არაზუსტი რუკის გამოყენებით, საქართველოს საწინააღმდეგოდ თმობდა წითელი ხიდის,ჯანდარის ტბის,ჩიჩხიტურის კოშკის,დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის, იალაჯისხის ქედის, მწვერვალ უჩბულაკის და მდინარეების მლაშეწყლისა და კვირიასწყლის მიმდებარედ.

დღის ამბები