19 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
ბრალდების მხარემ ყველაფერზე ისაუბრა, გარდა მკვლელობის ბრალდებისა - არჩილ გაგნიძის ადვოკატი

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული 5 პირის საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა.  პროკურორი დავით ყაზარაშვილის ინფორმაციით, საქმის მიმდინარეობისას ასზე მეტი მოწმე გამოიკითხება, მომდევნო პროცესი 13 ოქტომბერს გაიმართება.

არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოზე 20-25 წუთი ისაუბრა, თუმცა მისი თქმით, მათ არ უსაუბრიათ მკვლელობაზე.

"ბრალდების მხარე სასამართლოს ესაუბრა დაახლოებით 20-25 წუთი. ყველაფერი ისაუბრა, გარდა მკვლელობის ბრალდებისა, მეტიც, ბრალდების მხარემ ისაუბრა და თქვა, რომ ფიზიკურად ისინი ვერ მოიძიებდნენ მტკიცებულებებს და ფაქტობრივად აღიარეს, რომ მოსულია არარსებული მტკიცებულებებით,"- განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

"ბრალდების მხარემ გაამახვილა ყურადღება, რომ სასამართლოზე წარმოდგენილ ხუთ პირს დანაშაული აქვს ჩადენილი და ისაუბრეს იმ გარემოებებზე, რა დროსაც შაქარაშვილის მკვლელობა განხორციელდა. ასევე, გავამახვილეთ იმ მტკიცებულებებზე ყურადღება, რომელიც ადასტურებს აღნიშნულ საკითხს,"- განაცხადა პროკურორმა.

დღის ამბები