მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველზე ძალადობისთვის დაკავებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საუბარია თემურ შუბითიძის თავდასხმაზე, რომელშიც გამოძიების ინფორმაციით 4 პირი მონაწილეობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები არიან დაკავებული.
ინციდენტის შემდეგ საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება.
როგორც დაცვის მხარემ განმარტა, ბრალდებულები ოპოზიციური მხარის წარმომადგენლები არ არიან.
ერთ-ერთი ბრალდებულის, ლაშა გურგულიანის უფლებადამცველი აცხადებს, რომ ეს არ იყო დაორგანიზებული ავტოსაგზაო შემთხვევა, მისი თქმით, ეს იყო უბედური შემთხვევა.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში არის უდანაშაულო, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ მან ეს დანაშაული ჩაიდინა. დაზარალებულმა გურგულიანი ვერ ამოიცნო და მოსამართლის გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი. ეს იყო შემთხვევითი ავტოსაგზაო შემთხვევა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა,"- განაცხადა ადვოკატმა.
საქმის პროკურორი თამარ ბეჟუაშვილი კი აცხადებს, რომ ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ.
მისი თქმით, საქმის მასალებიდან დგინდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და დამატებითი დეტალები მხოლოდ გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი.
ადვოკატები კი 48 საათის შემდეგ აპირებენ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.