17 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
მთა არის და უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის სიძლიერის ყველაზე ძლიერი არგუმენტი - პრემიერი 

"ქართული ოცნების" ლიდერებმა მესტიაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინეს. მაჟორიტარობისთვის ონში, ამბროლაურში, ცაგერში, ლენტეხსა და მესტიაში გოჩა ენუქიძე იბრძოლებს.

წარდგენაზე დამსწრეებს პრემიერმაც მიმართა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნებისთვის" პრიორიტეტია მაღალმთიანი რეგიონების განვითარება.

"ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთა არის და უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არგუმენტი, ამიტომ მოხდა ის, რომ მთაში მიგრაციული პროცესები ნელ-ნელა შეჩერდა და ადამიანები უკვე მთაში ბრუნდებიან.

 ჩვენი მთავარი მიზანია, მთაშიც, ბარშიც, თბილისში, მესტიაში, ბათუმში, რუსთავში - ახალგაზრდებს ერთი და იგივე შესაძლებლობები ჰქონდეთ, ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებს ჰქონდეთ ერთი და იგივე შესაძლებლობები, როგორც საპენსიო მომსახურების, ასევე ჯანმრთელობის მიმართულებით არ უნდა იყოს სხვაობა. ეს იქნება ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული საქართველო,"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ აქცენტი გაზრდილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გააკეთა. 

"ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ იმედები არ გაგიცრუოთ. თითოეული თქვენგანი საკუთარი თვალით ხედავს, მესტიის მუნიციპალიტეტში, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა და მიღწეული პროგრესიც სახეზეა. უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მესტიის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების როგორც მოცულობა, ასევე რაოდენობა. შედეგად, არამხოლოდ უცხოელებისთვის, არამედ ქართველებისთვისაც თქვენი მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ უსაყვარლეს დასვენების ადგილად დაუსრულებელი თავგადასავლების მხარედ იქცა,"-განაცხადა კახა კალაძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ აქცენტი ახალგაზრდების ბიზნესში ჩართვის ხელშეწყობის აუცილებლობაზე გააკეთა. 

"უნდა განვაგრძოთ სვანეთის განვითარება, სადაც ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი შესაძლებლობები ადამიანებისთვის ბიზნესს, განათლების სფეროში, მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ პროცესში, მივცეთ მას თავისი საკუთარი ბიზნესის დაწყების საშუალება და დასაქმების შესაძლებლობა. ჩვენ მაქსიმალურად ვიმუშავებთ ამისთვის,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები