შეიარაღებული თავდასხმა თბილისში - ხელყუმბარით და ცეცხლსასროლი იარაღით პირი ლომბარდში შეიჭრა, კოორდინატორს იარაღი დაადო და სალაროში შეღწევა მოახერხა.
სამართალდამცველებმა მძარცველი დააკავეს. ინფორმაცია უკვე გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. დაკავებული 31 წლის მამაკაცია. საქმე აღძრულია 2 მუხლით - ყაჩაღობა და იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორი მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე.
ამ დროისთვის "რიკო კრედიტის" ოფისი ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას და მომხმარებლებს ემსახურება.
თანამშრომლები, რომლებიც გამთენიისას შეესწრნენ ამ ინციდენტს და შემდეგ უკვე მძარცველის განიარაღებაში მიიღეს მონაწილეობა, როგორც ფილიალის ხელმძღვანელმა "კურიერს" განუცხადა, ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფებიან, ვინაიდან არსებობს კითხვები, შესაძლოა თუ არა, რომ ამ ყაჩაღური თავდასხმის ორგანიზებაში, ან განხორციელებაში ისინიც იღებდნენ მონაწილეობას.
როგორც ფილიალის ხელმძღვანელი განმარტავს, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ისეთ ტერიტორიებზე მოახერხა შეღწევა, სადაც უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, არავითარ შემთხვევაში უცხო პირის შეღწევა არ უნდა მომხდარიყო.
ასევე "კურიერთან" საუბარში ფილიალის ხელმძღვანელი დეტალურად იხსენებს, თუ როგორ განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა 31 წლის მამაკაცმა, რომელიც ამ დროისთვის, შსს-ს ინფორმაციით, უკვე დაკავებულია. ფილიალის ხელმძღვანელი უშუალოდ ამ ინციდენტს არ შესწრებია, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, 5 წუთში ადგილზე იყო და სავარაუდო თავდამსხმელის დაკავების მომსწრე გახდა.
"პიროვნება შემოვიდა ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით ფილიალში დასაყაჩაღებლად, უნდოდა თანხის წაღება, ცდილობდა ყუმბარის გახსნას და იმუქრებოდა, რომ თანხას თუ არ გადავცემდით გახსნიდა ხელყუმბარას. დაცვის თანამშრომელმა ის მიაცილა სალარომდე და ამის შემდეგ მოხდა ის, რომ მოლარემ გაუღო კარები. ანუ აქ იბადება კითხვის ნიშნები თუ რატომ მოხდა სალაროს კარების გაღება, ვინაიდან ინსტრუქციის მიხედვით არც ერთ შემთხვევაში სალაროს კარები არ უნდა გაღებულიყო.
მას შემდეგ, რაც კარები გაუღეს და შემოუშვეს, შემდეგ უკვე მოახდინეს მისი განიარაღება, წაართვეს ხელყუმბარა, ცეცხლსასროლი იარაღი და შემდეგ უკვე მოვიდა დაცვის პოლიცია," - აცხადებს ფილიალის ხელმძღვანელი ლაშა ნიკოლაიშვილი.