დაკავებულ ივერი მელაშვილს ადვოკატები შეხვდნენ. ე.წ. მატროსოვის ციხეში, ბრალდებული სავარაუდოდ იმ ჩვენებებს გაეცნობა, რომელსაც პროკურატურა საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ აყენებს. ამის სურვილი დაკავებულმა თავად გამოთქვა.
როგორც მელაშვილის ინტერესების დამცველები აცხადებენ, მათი დაცვის ქვეშ მყოფს წარუდგინეს და გააცნეს ის მტკიცებულებები, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში დევს და ასევე რუკები, რომელიც პროკურატურის მიერ აღძრულ სისხლის საქმეში მოიპოვება. როგორც ადვოკატები აცხადებენ, ივერი მელაშვილი ამ ყველაფერს დეტალურად გაეცნობა. უფლებადამცველები ასევე აღნიშნავენ, რომ ივერი მელაშვილის პოზიცია უცვლელია და თავს უდანაშაულოდ თვლის.
"ჩვენი საუბარი გამყოფი შუშის ფარგლებში შედგა და ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე ვისაუბრეთ. ასეთი შეხვედრა ქმნის გარკვეულ დისკომფორტს მასალების დამუშავებისას, განსაკუთრებით კი, რუკებთან მუშაობასთან დაკავშირებით. შევთანხმდით იმაზე, რომ ადმინისტრაციას წერილობით მივმართავთ, ასევე იმაზე, რომ კარანტინის დასრულებამდეც მოგვეცეს მსგავსი შეხვედრების საშუალება. ბატონი ივერი მზად არის თუნდაც სამარტოვო საკანში იყოს გადაყვანილი იმ მიზნით, რომ სხვა პატიმრებისთვის საფრთხე არ შექმნას. მან ძალიან მნიშვნელოვანი განმარტებები მოგვცა საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის დელიმიტაციის პროცესზე. იმ რისკებზე, რომელიც ახლავს უსუსურ მცდელობას, თითქოს შეხვედრებში 200 000-იანი რუკები იყო გამოყენებული, მოგვიანებით ვისაუბრებთ, რადგან დეტალები გვაქვს დასაზუსტებელი," - აცხადებს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე.