დღეს უნდა გაირკვეს მიიღებს, თუ არა მეორე ინსტანციის სასამართლო დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულთა ადვოკატების საჩივარს წარმოებაში.
პარალელურად, პროკურატურაში დღეს ივერი მელაშვილის ადვოკატიც მივა. ედუარდ მარიკაშვილი მოცულობითი საქმის ნაწილს საგამოძიებო უწყებაშივე გაეცნობა. ადვოკატის თქმით, საუბარია კომისიის დასკვნებსა და რუკებზე. უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ ივერი მელაშვილს სასამართლო უდანაშაულოდ ცნობს.
"ეს საქმე არის მოცულობითი. ნაწილი მასალების გვაქვს გადმოცემული, ნაწილი ინახება პროკურატურაში. ეს არის ძირითადად ოქმები კომისიის, რუკები და სხვადასხვა დოკუმენტი, რომლის ფიზიკურად გადმოცემა როგორც პროკურატურამ გვითხრა, ვერ მოხერხდა მისი მოცულობიდან და სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, თუმცა ეს არ არის ჩვენთვის ბარიერი. მიუხედავად იმისა პროკურატურა ფიზიკურად მოგვცემს საქმეში არსებულ მასალებს, თუ გარკვეულ წილად ჩათვლის, რომ ის უნდა იქ ინახებოდეს - ჩვენ ამ მასალას მაინც გავეცნობით," - განაცხადა ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა.