19 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
გაყვა თუ არა გურამ ამირხანაშვილი "ტოიოტას" მგზავრებს ნებაყოფლობით - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანი დაიკითხა

მცხეთის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესი მიმდინარეობს.

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ვახო ჩიქოვანის გამოკითხვა, რომელიც ერადერთი ბრალდებულია, რომელსაც აქვს დაზარალებულის სტატუსიც.

ჩიქოვანმა დღეს განაცხდა, რომ გურამ ამირხანაშვილი ნებაყოფლობით გამოყვა "ტოიოტა ქამრის" მგზავრებს თბილისში და გიორგი შაქარაშვილის მოძებნაზე, შეთავაზების მიუხედავად, უარი განაცხადა. 

არასრულწლოვან ნ.ქ.-ს ადვოკატი დალი იმნაიშვილი აცხადებს, რომ გურამ ამირხანაშვილს თბილისამდე ჩასასვლელად ფული არ ჰქონდა და სწორედ ამიტომ შესთავაზეს მას "ტოიოტა ქამრით" მგზავრობა. 

"ჩიქოვანის განმარტებით, მას არ ჰქონდა ფული და შესთავაზეს, რომ ისინი მიიყვანდნენ თბილისამდე. დაეთანხმა, რომ წაჰყოლოდა მათ ავტომანქანით თბილისამდე. ამავე დროს, ჩიქოვანმა თქვა, რომ შემთხვევის ადგილზე ვერ იპოვა თავისი მეგობრები, სახელდობრ, აქცენტი გააკეთა აწ გარდაცვლილ შაქარაშვილზე. დასანანად თქვა ის ფაქტი, რომ მას რომ მიეცა საშუალება იმისა, რომ მოეძებნათ შაქარაშვილი, დღეს ის ცოცხალი იქნებოდა. მაგრამ, ამის შესახებ მან არ გამოიჩინა ინიციატივა და ასე გამოდის, რომ მან (ამირხანაშვილმა) უარი თქვაო,"განაცხადა ადვოკატმა. 

საქმის პროკურორი ნანა გუგუტიშვილი აცხადებს, რომ ამირხანაშვილის ჩვენების მიხედვით, მას ნამდვილად ჰქონდა ფული და თბილისამდე წაყვანის მიზნით ტაქსიც გააჩერა. 

"აღსანიშნავია, რომ ძირითად მომენტებზე მოწმე აფიქსირებდა, რომ არ ახსოვდა. მოწმის განმარტება და მიზანი, მისი განმარტებით, იყო ძალიან კეთილშობილური, ავტომობილები რომ არ დასჯახებოდნენ ქვეითებს, თურმე, ამ მიზნით მისდევდა ექვსივე პიროვნება. მოწმემ დაადასტურა, რომ ნამდვილად ჰქონდა თანხა. გზაში, როცა გადაადგილდებოდნენ, იძახებდნენ ტაქსის, გაჩერდა კიდევაც ტაქსი, მაგრამ კოვიდის ინფექციიდან გამომდინარე, რეგულაციების გამო, არ ჩასვეს, რითიც დასტურდება, რომ გურამ ამირხანაშვილის ჩვენება სიმართლეა და შესაბამისობაშია საქმის დეტალებთან,"-განაცხადა პროკურორმა.

ბრალდებულებმა ვასილ მახარაძემ, ირაკლი მუმლაძემ და თენგო ბარბაქაძემ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. ამ წუთებში კი იკითხება არასრულწლოვანი ზ.ხ, რომელიც 18 ივნისის ღამეს "ტოიოტა ქამრით" გადაადგილდებოდა. მან, სავარაუდოდ, უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ავტომაგისტრალზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც ბრალდებულების მტკიცებით, ის და ვახტანგ ჩიქოვანი "ტოიოტა ქამრის" ავტომობილში იმყოფებოდნენ მაშინ, როდესაც "ტოიოტას" მგზავრები იმყოფებოდნენ ფერად შენობასთან.

დღის ამბები