12 სექტემბერი 2026,   04:45
ვრცლად
ნინო ქადაგიძეს უჭირავს მნიშვნელოვანი თანამდებობები, თუმცა ჩინჩალაძე და მურუსიძე კლანის მთავარ პირებად რჩებიან - ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის არჩევას მხარი არ დაუჭირა. ის ერთადერთი იყო საბჭოს წევრებს შორის, ვინც ქადაგიძის კანდიდატურას ხმა არ მისცა. 

ნაზი ჯანეზაშვილი დარწმუნებულია, რომ სასამართლო სისტემას მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე მართავენ, სხვა ნებისმიერი თანამდებობის მქონე პირი მხოლოდ მათი დავალებების შემსრულებლები არიან. 

"ვერაფერს ვერ შეცვლის, რადგან დღეს სასამართლო სისტემის სათავეში არიან მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე, სხვა დანარჩენები, რომლებიც ამ კლანთან არიან დაახლოებულები და მათი მხარდამჭერები არიან მხოლოდ დავალების შემსრულებლები და არ ვფიქრობ, რომ მათ შეიძლება რამე რეალური ფუნქცია ჰქონდეთ, თუნდაც რაიმე ტიპის თანამდებობა დაიკავონ. მიუხედავად იმისა, რომ ნინო ქადაგიძეს უჭირავს მნიშვნელოვანი თანამდებობები სასამართლოს სისტემაში, ჩინჩალაძე და მურუსიძე კვლავ რჩებიან კლანის და სასამართლო სისტემის მთავარ პირებად. რაც შეეხება უშუალოდ ნინო ქადაგიძეს - მას ყოველთვის ჰქონდა კლანის მხარდაჭერა,"- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა

შეგახსენებთ, ნინო ქადაგიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გახდა. მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 13 წევრის მხარდაჭერა მოიპოვა და პოზიციაზე 4 წლის ვადით დაინიშნა.

ნინო ქადაგიძე 2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

დღის ამბები