06 სექტემბერი 2026,   14:04
ვრცლად
"ამირხანაშვილი მანქანაში ჩაჯდომამდე იქცეოდა არაადეკვატურად, იწერდა პირჯვარს..." - არასრულწლოვან ნ. ქ.-ს ადვოკატი

ამ წუთებში მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ ეპიზოდზე სასამართლო მსჯელობს.

საუბარია ბრალდებულ არასრულწლოვნებზე, რომელთაც ედავებიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთას.

იგეგმება, რომ პროცესზე თავად ბრალდებულები დაიკითხონ. მათგან ერთმა ზ.ხ-მ უკვე უპასუხა სასამართლოს კითხვებს.

როგორც ცნობილია, დღეს სასამართლოს ჩვენებას არასრულწლოვანი ლ.შ და გ.მ მისცემენ. ლ.შ და გ.მ ის პირები არიან, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის უკან მიჰყვებოდნენ და ინფორმაციას თბილისში მათ მეგობრებს აწვდიდნენ. რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, არ არის გამორიცხული რომ მათ საკუთარი პოზიცია დასკვნით სიტყვაში დააფიქსირონ.

ადვოკატები  წინა ჩვენების დროს, ზ.ხ მიერ მიცემულ ჩვენებაზე ამახვილებენ ყურადღებას.

"ზ.ხ, რომელმაც სასამართლოს მისცა ჩვენება, რო​მლითაც დადასტურდა ის, რომ როდესაც ამირხანაშვილი თავისი ნებით დაჯდა მანქანაში, მანამდე არაადეკვატურად იქცეოდა, იწერდა პირჯვარს. მანქანაში მსხდომები მას სთხოვდნენ რომ მოეძებნათ მისი მეგობარი - გარდაცვლილი შაქარაშვილი, ჩიქოვანს და სხვებს უპასუხეს, რომ აზრი არ ჰქონდა მის მოძებნას,"- აცხადებს არასრულწლოვან ნ.ქ-ს ადვოკატი დალი იმნაიშვილი.

ზ.ხ-ს ადვოკატი კი დარწმუნებულია, რომ 5 ბრალდებულის ჩვენება სრულ შესაბამისობაში იქნება აქამდე დაკითხული ბრალდებულების ჩვენებებთან.

"წინა პროცესზე ჩვენება მისცა ზ.ხ-მ, შესაბამისად, დღეს დარჩა კიდევ 5 ბრალდებული, რომლებიც ეტაპობრივად მისცემენ ჩვენებებს. დარწმუნებული ვარ, რომ მათი ჩვენება სრულ შესაბამისობაში იქნება აქამდე დაკითხული ბრალდებულების ჩვენებებთან და მათ უდანაშაულობას განამტკიცებენ," - აღნიშნავს არასრულწლოვან ზ.ხ-ს ადვოკატი მურმან ნიკოლეიშვილი.

ვახტანგ ჩიქოვანისა და არასრულწლოვან ნ.ც-ს უფლებადამცველი კი აცხადებს, რომ სხვა სისხლის სამართლის საქმეში მყოფმა სრულწლოვანმა ბრალდებულებმა, რომლებიც ამ საქმეში მოწმეთა სიაში არიან, უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.

"როგორც ჩემთვის ცნობილია სხვა სისხლის სამართლის საქმეში მყოფმა სრულწლოვანმა ბრალდებულებმა, რომლებიც ამ საქმეში მოწმეთა სიაში არიან, უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე. დღევანდელ პროცესზე არ დაიკითხებიან ბრალდებულები, მაგრამ კონკრეტულად ვინ დაიკითხება ამის თქმა არ შემიძლია ჯერ. ეს უკვე საბოლოო ეტაპია და დაცვის მხარე საკუთარ მოწმეებს წარადგენს," - აცხადებს ვახტანგ ჩიქოვანის და არასრულწლოვან ნ.ც-ს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, საქმის პროკურორმა თქვა, რომ მათ პროცესისგან დიდი მოლოდინი არ აქვთ. მისივე განცხადებით, განსაკუთრებულ დიდ ინტერესს იწვევს ის სატელეფონო კომუნიკაციები, რომლებიც ბრალდებულებს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების დღეს ჰქონდათ. 

"ბრალდების მხარეს, მათ მიერ ჩვენების მიცემის მაღალი მოლოდინი არ აქვთ, ვინაიდან, ბრალდებულები და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები არ ფრთხილდებიან ცრუ ინფორმაციის მიცემისათვის. ლ.შ-ს აქვს ძალიან ბევრი სატელეფონო კონტაქტი, დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებამდე. მას ბრალი აქვს ასევე წარდგენილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში. იმაში გამოიხატება მისი მოქმედება, რომ მას მხოლოდ ერთ პირთან, ირაკლი მუმლაძესთან აქვს 21 ზარი. როდესაც მოწმე გურამ ამირხანაშვილი დაიკითხა, განმარტა, რომ თავდაპირველად აღელვებული იყო და როდესაც დამშვიდდა, მაშინ დააკავშირა ერთამენთთან კონკრეტული ფაქტები," - განაცხადა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა

დღის ამბები