19 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
ეს ემსახურება სააკაშვილის წინააღმდეგ მორიგი შავი პიარსვლის დაგეგმვას - სერგი კაპანაძე ილიჩოვასა და მელაშვილის საქმეზე

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით დაკავებულები​ს საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციის განწყობა კვლავ უცვლელია - ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ საქმეს პოლიტიკური მოტივი აქვს.

"ევროპული საქართველოს" წევრის, სერგი კაპანაძის შეფასებით, ამ საქმის ერთადერთი მიზანი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "გაშავებაა."

"ის, რომ ეს საქმე არ არის გრიფირებული, არ არის გაუთქმელობის ვალდებულება აღებული, ის, რომ ეს საქმე არის პროპაგანდაში წარმოჩენილი, როგორც დავით გარეჯის საქმე, ამ დროს ბრალში საერთოდ არ ფიგურირებს დავით გარეჯი - ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ მორიგი შავი პიარსვლა დაგეგმონ სააკაშვილის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ხელისუფლებაში დარჩენის ერთადერთი ბილეთი სააკაშვილია და, სამწუხაროა, რომ ხშირად ამაში ეხმარება ხოლმე თავად სააკაშვილი,"-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია აცხადებს, რომ დაგეგმილი პოლიტიკური სვლა "ქართულ ოცნებას" პირიქით შემოუბრუნდა, რადგან საზოგადოებამ ეს ყველაფერი არ დაიჯერა. 

"ბიძინა ივანიშვილმა სცადა საკუთარი პროპაგანდით დაეჯერებინა საზოგადოების ნაწილისთვის მაინც, რომ წინა ხელისუფლება ყიდდა საქართველოს ტერიტორიას, მაგრამ აქაც კი "ქართულმა ოცნებამ" ვერ მოახერხა მისთვის ჩვეული პროპაგანდის წარმოება და ეს ყველაფერი მას შემოუტრიალდა, იმიტომ, რომ სიმართლე არის ძალიან მძლავრი და არის საზოგადოების მხარეს,"-განაცხადა ნიკა მელიამ. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ეს საქმე "ოცნებას" არჩევნების წინ პოლიტიკური ქულების დასაწერად დასჭირდა. 

"ეს არის გაუგონარი სიბინძურე და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელსაც ადგილი აქვს "ქართული ოცნების" მხრიდან. ერთადერთი მიზანი აქვთ, რომ არჩევნებში გაიმარჯვონ, მაგრამ შეუტრიალდათ ეს საქმე უკან იმიტომ, რომ ხალხი ბრძენია და ყველა ხვდება, ამ ყველაფერს ისინი აკეთებენ იმისთვის, რომ პოლიტიკური ქულები დაეწერათ, მაგრამ არ გამოუვიდათ - ჩვენ ხომ ყველა ვხედავთ, რომ ეს ხალხი არის აბსოლუტურად ტყუილად დაკავებული,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. 

პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება. სამართალდამცველებმა ჩხრეკისას 1938 წლის რუკა ამოიღეს, რომელზეც, გამოძიების ცნობით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზე იყო მოხვედრილი. 

დღის ამბები