ზუგდიდის ცენტრში გასროლის რამდენიმე ხმა 14:20 საათზე გაისმა. ქალაქის ცენტრში მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში ერთი მამაკაცი შეიჭრა. ამ დროს ბანკში 30-მდე მომხმარებელი და 10-მდე თანამშრომელი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავემ ბანკში მყოფ პირებს მუხლებზე დადგომა მოსთხოვა. პარალელურად, ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოასწრო და განგაშის ღილაკს ხელი დააჭირა. მალევე ზუგდიდის ცენტრში ათეულობით სამართალდამცველი გამოჩნდა.
"კურიერის" ინფორმაციით, ბოროტმოქმედი მძევლების გათავისუფლების მიზნით ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვს. თანხის მიღების შემდეგ კი - ვერტმფრენს, ან ავტომობილს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ 19 ადამიანი ამ დრომდე მძევლად რჩება. კადრების მიხედვით, არცერთ მათგანი დაჭრილი არ არის. დაახლოებით 20-მდე ადამიანმა კი, სახურავზე ასვლა მოახერხა. ისინი სამართალდამცველებმა ამწის გამოყენებით უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოიყვანეს.
მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყება დამნაშავის შესახებ წერს, რითიც ოფიციალური უწყების დონეზე დასტურდება, რომ ბოროტმოქმედი ერთია.
სამართალდამცველმა უწყებამ მედიას მოუწოდა, პირდაპირ ეთერში არ გადასცეს მიმდინარე სპეცოპერაცია, რასაც პრემიერიც შეურთდა.
ზუგდიდის ცენტრში მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს.