შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტან გომელაური გუშინდელი სპეცოპერაცია სრულად იყო შეთანხმებული ხელისუფლების ლიდერებთან.
გომელაურის თქმით, მიზანი იყო სპეცოპერაცია მაქსიმალური დანაკარგის გარეშე დასრულებულიყო.
"გუშინ, ძალიან მძიმე დღე იყო, დღეს და დღევანდელი ღამეც ძალიან მძიმე იყო ყველასთვის, მათ შორის ჩვენთვის, მძევლებისთვის, ვინც იყვნენ შიგნით დარჩენილები, იმ 43 ადამიანისთვის. ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენმა სამინისტრომ, ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ არავინ არ დაშავებულიყო. პირველი იყო ჩვენი ამოცანა, რაც დავისახეთ, ეს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული იყო, მთავრობის თავმჯდომარესთან, ბატონ პრემიერთანაც, მაქსიმალურად იყო დავალება, რომ არავინ არ დაშავებულიყო. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ერთ ადამიანსაც არაფერი არ დაუშავდეს. პირადად ჩემთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის ადამიანის სიცოცხლის საფასურად არანაირი თანხა არ არსებობს. ჩვენ შევთავაზეთ, გამოგყვებით 5 კაცი, 10 კაცი, მან უარი გვითხრა თავიდან, შემდეგ დაგვთანხმდა 1 ადამიანზე. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ავთანდილ გალდავას, რომელმაც თავისი სიცოცხლე გაწირა. ეს არ იყო ადვილი საქმე, არც ჩემთვის იყო ადვილი, გადაწყეტილება მიმეღო რომ თანამშრომელი გამეგზავნა, ეს ადამიანი დაბრუნდებოდა, ან არ დაბრუნდებოდა იქიდან ცოცხალი, ურთულესი გადაწყეტილება მივიღე, ჩემთვის ძალიან მძიმე იყო, ბატონ ავთოს ერთი წამით უარი არ უთქვამს, არ შეუდრეკია თავისი გმირული ნაბიჯი, წარბი არ შეუხრია.
მეორე ეტაპია ახლა ჩვენი მთავარი, ეს ადამიანი დავიჭიროთ, დავაკავოთ და დავსაჯოთ. ვერ გეტყვით ვერცერთ თემას გამოძიებაზე," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, გუშინ ზუგდიდის ცენტრში მდებარე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით დღის ორი საათისთვის შეიჭრა. ბანკის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს იარაღით დაემუქრა და მუხლებზე დაჩოქება უბრძანა. იყო რამდენიმე გასროლაც. ბოროტმოქმედმა მოგვიანებით, 500 000 ამერიკული დოლარი და თვითმფრინავით ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია მოითხოვა.
ბანკში მყოფების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა, 19 პირი კი ტყვეობაში დარჩა. ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მძევალი მედიას პერიოდულად ეკონტაქტებოდა. რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, ბოროტმოქმედმა მძევლების გარკვეული რაოდენობა თავად გაათავისუფლა.
მოგვიანებით კი, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პიროვნებამ ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა. ერთ-ერთი მათგანი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო. სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი თანხაც ბანკში გალდავამ მიიტანა. ამ დროისთვის ყველა მძევალი უსაფრთხოდ არის, თავდამსხმელმა კი მიმალვა შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით - 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.