14-საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, 12-საათიანი გამოკითხვა. ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში იმ მძევლის გამოკითხვა დასრულდა რომელთან ერთადაც მძარცველმა ბანკი დატოვა.
დავით ხვიბლიანმა შენობა ისე დატოვა, რომ მედიამ მისი გადაღება ვერ შეძლო. თავდამსხმელის ვინაობა კი ამ დრომდე უცნობია. უცნობია ისიც მოახდინეს თუ არა სამართალდამცავებმა მამაკაცის იდენტიფიცირება.
სავარაუდოდ გართულდება იდენტიფიცირება დნმ-თაც. მამაკაცს ბანკის შენობაში ეკეთა ხელთათმანები, წყალს კი მხოლოდ მის მიერ ადგილზე მიტანილი ბოთლიდან სვამდა.
შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. ის 500 ათას დოლარს და უსაფრთხო წასვლის გარანტიებს ითხოვდა. საბოლოოდ მან რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ბანკის შენობა, 3 მძევალთან ერთად დატოვა, რომელთა შორისაც იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, რომელიც სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა აღნიშნული 3 პირიც გაათავისუფლა და მიიმალა. სავარაუდოდ მან თან წაიღო მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ გადახდილი ფულიც. შსს-ს ინფორმაციით მის დასაკავებლად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით - 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.