სპეცოპერაცია ზუგდიდში მესამე დღეა ისევ გრძელდება - ყოფილი მძევალი დავით ხვიბლიანი ოჯახთან პირველად, კონტაქტზე გავიდა. როგორც ახალგაზრდას მშობლები ამბობენ, ხვიბლიანი მათ რამდენიმე წუთის წინ დაუკავშირდა და უთხრა, რომ ის სენაკის სამხედრო ბაზაზეა.
როგორც "კურიერთან" საუბრის დროს მშობლები აღნიშნავენ, ამ დრომდე, არაფერი იცოდნენ გათავისუფლებულის ადგილსამყოფელის შესახებ. ხვიბლიანი ამ დრომდე, არ გამოჩენილა მედიასთან.
არაფერი არ ვიცი... ნუ მიღებთ... არ ვიცი, სამხედროში ჰყოლიათ სენაკში," - განუცხადა დავით ხვიბლიანის დედამ "კურიერს".
ხვიბლიანის ოჯახის წევრები დღეს ასევე იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში. ხვიბლიანის მამა შეხვდა სამართალდამცველებს, იქიდან გამოსვლის შემდეგ კი ჟურნალისტებს დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი შვილი ნამდვილად იმყოფება სენაკის სამხედრო ბაზაზზე.
"მსახურობს ჩვეულებრივად, თავის ადგილზეა, თავის სამსახურშია. კომუნიკაცია მქონდა ერთი ნახევარი საათის წინ. ჩემს შვილს კი არა, ამათ დავუკავშირდი და მითხრეს ბაზაზე არისო, მობრძანდიო, ნუ შეგეშინდებაო და შევხვდი, რომ გამერკვია არის თუ არა ბაზაზე. ბაზაზე ტელეფონით ვერ ვუკავშრიდები, შვილთან კომუნიკაცია არ მქონია იმის მერე," - განაცხადა დავით ხვიბლიანის მამამ ლაშა ხვიბლიანმა.
შეგახსენებთ, გუშინ ზუგდიდის ცენტრში მდებარე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით დღის ორი საათისთვის შეიჭრა. ბანკის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს იარაღით დაემუქრა და მუხლებზე დაჩოქება უბრძანა. იყო რამდენიმე გასროლაც. ბოროტმოქმედმა მოგვიანებით, 500 000 ამერიკული დოლარი და თვითმფრინავით ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია მოითხოვა.
ბანკში მყოფების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა, 19 პირი კი ტყვეობაში დარჩა. ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მძევალი მედიას პერიოდულად ეკონტაქტებოდა. რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, ბოროტმოქმედმა მძევლების გარკვეული რაოდენობა თავად გაათავისუფლა.
მოგვიანებით კი, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პიროვნებამ ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა. ერთ-ერთი მათგანი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო. სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი თანხაც ბანკში გალდავამ მიიტანა. ამ დროისთვის ყველა მძევალი უსაფრთხოდ არის, თავდამსხმელმა კი მიმალვა შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით - 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.