სპეცრაზმი მობილიზებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში, სადაც ბრალდებულის ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს.
პარალელურად, ჩხრეკა მიმდინარეობს ბადრი ესებუას ძმის სახლში, პროცესს ესწრება თავად ბიძინა ესებუაც.
სახლთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული, რადგან, "კურიერის" ინფორმაციით, ბადრი ესებუას მამა შეუძლოდ გახდა.
ბადრი ესებუას კიდევ ერთი ძმა, ბიკენტი ესებუა, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა გადაყვანის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა.
ეს არის ერთადერთი გვარი, რომელიც ბევრად ადრე გავრცელდა, ვიდრე ამას გამოძიება დაადასტურებდა.
უწყების განმარტებით, 21 ოქტომბერსვე იყო შსს-სთვის ცნობილი პიროვნების სახელი და გვარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.