მცხეთის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის პროცესი მიმდინარეობს. დაგეგმილია ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა.
ცნობილია, რომ დაიკითხებიან ის პოლიციელები, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ საგამოძიებო მოქმედებებში. ასევე დაიკითხება ერთ-ერთი ობიექტის უფროსი, რომლისგანაც გარკვეული ვიდეო ჩანაწერებია გამოთხოვილი.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სასამართლოზე მათი დაცვის ქვეშ მყოფთა დანაშაულის დამტკიცება დღემდე ვერ მოხერხდა და ასეც გაგრძელდება, რაც ბრალდების აბსურდულობაზე მიუთითებს.
"წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარეს შევთავაზეთ მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უდაოდ ცნობა და ამაზე ვუთხარით, რომ ვცნობთ უდაოდ და არსებითი საქმის განხილვას დავასრულებთ. ამის შემდეგ კი, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და გამოაცხადებს განაჩენს. არცერთი მოწმე არ ადასტურებს, რომ ზ.ს-ს ან სხვა ბრალდებულებს რაიმე შემხებლობა ჰქონდათ გარდაცვლილ შაქარაშვილთან. მით უმეტეს, რომ იგი სცემეს და წყალში ჩააგდეს,"- განაცხადა არასრულწლოვან ზ.ხ-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.
მტკიცებულებების უდაოდ ცნობასთან დაკავშირებით, არჩილ გაგნიძის ადვოკატი აცხადებს რომ პროკურატურას არ სურს საქმის გამოძიება მალე დასრულდეს, რადგან მისივე თქმით, ამ შემთხვევაში გამამართლებელი განაჩენი დადგება.
"ცალკე სასამართლო ფიზიკურად ვერ განიხილავს ამ შუამდგომლობას, თუ არ იქნება ორმხრივი თანხმობა მტკიცებულებების უდაობაზე შეთანხმებასთან მიმართებით. რაც შეეხება შედეგს თუ რატომ არ უნდათ, იმიტომ რომ, რომ დაგვთანხმებოდნენ ერთ კვირაში იქნებოდა გამამართლებელი განაჩენი," - აცხადებს არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.
საქმის პროკურორი კი აცხადებს, რომ ადვოკატები პასუხისმგებლობისგან გაქცევას ცდილობენ.
"დაცვის მხარის კიდევ ერთი შეცდომა იყო ის, რომ მათ სასამართლოს წინაშე შუამდგომლობა არ დაუყენებიათ. ეს იყო შემოთავაზება, რომელიც ულტიმატუმს უფრო ჰგავდა. დაცვის მხარეს ეშინია იმ მოწმეების სასამართლოში დაკითხვის, რომლებიც მამხილებელ ინფორმაციას იძლევიან ბრალდებულებზე, ეს კარგად გამოჩნდა არასრულწლოვნების პროცესზე,"- აღნიშნავს პროკურორი დავით ყაზარაშვილი.