07 სექტემბერი 2026,   18:34
ვრცლად
ხულოში "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა ანზორ ბოლქვაძის წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლა სცადეს - "ოცნება" ენმ-ს პროვოკაციაში ადანაშაულებს

"ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" პროვოკაციაში ადანაშაულებს - პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი მანველიძე ამბობს რომ გუშინ, ხულოში, სოფელ დიდაჭარაში "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანზორ ბოლქვაძის წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლა სცადეს.

მისი თქმით, აქტივისტები პროვოკაციაზე მოდიოდნენ კანდიდატმა კი შეხვედრა შეწყვიტა. მანველიძის განცხადებით ინციდენტში მონაწილეობდა ფირუზ წულუკიძე, რომელსაც ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ძმის გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში გამართული გახმაურებული აქციები უკავშირდება. 

"გუშინ დიდაჭარაში, ხულოს რაიონში, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატებს წინასაარჩევნო შეხვრდრისას, "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებმა მოუწყვეს პროვოკაცია, რომლის მიზანიც კონფლიქტის და ფიზიკური დაპირისპირების გამოწვევა იყო. ჩვენ როგორც ხელისუფლებამ და პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ, თავი ავარიდეთ კონფლიქტს და პროვოკაციას რომელიც დაგეგმა ნაცმოძრაობამ და განახორციელეს მათმა წარმომადგენლებმა. მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, აღკვეთილ იქნეს მსგავსი შესაძლო პროვოკაციები რაც ნაცმოძრაობის დღის წესრიგს წარმოადგენს,"- განაცხადა გიორგი მანველიძემ.

ოპოზიციამ მმართველ გუნდს წერილობით უპასუხა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ანზორ ბოლქვაძე მოსახლეობამ სოფელში არ შეუშვა, რადგან არ არიან მმართველი გუნდის მხარდამჭერები, ეს იმას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებს წააგებს.

დღის ამბები