ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ლოკდაუნზე საუბარი არ არის.
გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აჭარის კოვიდსასტუმროებში პაციენტებს ჟანგბადის კონცენტრანტებით მკურნალობენ და ეს მოდელი თბილისშიც დაინერგება
"დღევანდელი ჩვენი კოეფიციენტი ინფექციის გავრცელების არის 1.38. ამ კოეფიციენტის მაჩვენებელზე, ჩვენ არ ვფიქრობთ ამ ეტაპზე, რომ ჩვენ საქალაქთაშორისო შეზღუდვები გვექნება. ყველაფერი დამოკიდებულია ვირუსზე, თუმცა დღეის მდგომარეობით ჩვენ არანაირ "ლოქდაუნზე" და არანაირ მკაცრ შეზღუდვაზე საუბარი საბჭოზე არ გვქონია.
ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეფექტურად ვმართოთ ყველა ის შემთხვევა, რომელიც დგინდება, მოვახდინოთ სწორი ტრიაჟი ყველა იმ პაციენტების, ვისაც ესაჭიროება კლინიკაში განთავსება, სასტუმროში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა და ასევე პაციენტები, რომლებსაც ჩვენ დავტოვებთ ბინაზე.
ასევე, ჩვენ ვაუმჯობესებთ სასტუმროებში კლინიკური მართვის მოდულს. გვაქვს გარკვეული მაგალითები აჭარაში, როდესაც სასტუმროებში ჟანგბადის კონცენტრატებით ვუზრუნველყოფდით პაციენებისთვის საჭირო მკურნალობის ჩატარებას, ეს მოდელი ასევე წარმატებით დაინერგება თბილისში," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.