19 მაისი 2024,   17:27
ვრცლად
პოლიციამ კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილის და დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის დაჭრის ფაქტი გახსნა

პოლიციამ კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილის და დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის დაჭრის ფაქტი გახსნა.

დაკავებულია ბონდო ოქრიაშვილი, რომელმაც გამოძიების ცნობით, 1 ნოემბერს სოფელ ჯავახში ცეცხლსასროლი იარაღიდან თავისივე ნათესავი დაჭრა. მიზეზად ნათესავებს შორის ურთიერთშელაპარაკება სახელდება. მომხდარის დღეს გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი ამბობდა, რომ საქმე პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდებოდა.

ბრალდებულის დაკავების ფაქტზე ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

"ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ბ.ო. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1-ელ ნოემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, თავისი ნათესავი, დმანისის საკრებულოს თავმჯდომარე 1966 წელს დაბადებული მ.ო. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს,"- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

დღის ამბები