გაზაფხულის შემდეგ უკვე მეორედ, ევროპა წითელი ზონაა. იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, დანია - ეს ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, სადაც კარანტინი და მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად რეკორდულია, ევროპის ჯანდაცვის სისტემა კი კოლაფსის წინაშე კიდევ ერთხელ დგება.
კონტინენტის უმეტეს სახელმწიფოებში აცხადებენ, რომ მეორე ტალღის პირობებში გაორმაგებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების გამო ინტენსიური თერაპიის განყოფილებები მძიმე პაციენტების უზრუნველყოფას ვეღარ შეძლებენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას რთული დღეების შესახებ აფრთხილებს და ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, კრიზისული ვითარების მიუხედავად, სკოლებში სასწავლო პროცესი არ შეაჩერონ.
კვლავ მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა ამერიკაში. COVID-19 ის ახალმა შემთხვევებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ბოლო 24 საათში იქ ახალმა შემთხვევებმა 118 000-ს გადააჭარბა. 17 შტატში კი ჰოსპიტალიზების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.
რაც შეეხება ჩინეთს, რომელიც თავის დროზე პანდემიის პირველწყარო იყო, ბოლო 24 საათში აქ ინფექციის მხოლოდ 36 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 30 იმპორტირებული შემთხვევაა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ოფიციალურმა პეკინმა ევროპის ქვეყნებიდან მგზავრების მიღება შეაჩერა.