აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის დაკავების საქმეზე პოლიცია ინფორმაციას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, დაკავება მოხდა ქრთამის მიცემის, ჯგუფურად ჩადენილი იძულების და მუქარის ფაქტზე.
გამოძიება აცხადებს, რომ 6 ნოემბერს ბრალდებულები ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდნენ და შესთავაზეს, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით, 50 ათასი დოლარის სანაცვლოდ, პრესის თანდასწრებით, დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა და გაეკეთებინა განცხადება არჩევნების გაყალბების შესახებ. პოლიციის ინფორმაციით, უარის შემდეგ, ისინი კომისიის თავმჯდომარეს ანგარიშსწორებით დაემუქრნენ და აიძულებდნენ, დათანხმებოდა შემოთავაზებულ წინადადებას. მეორე დღეს 43 წლის თედორე გობეჯიშვილი საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ვერსიას გამორიცხავენ ადვოკატები და აცხადებენ, რომ ამ პირების დაკავება პოლიტიკური მოტივით მოხდა, რადგან ისინი ოპოზიციის მხარდამჭერები არიან. ერთ-ერთი დაკავებული, აკაკი ხუსკივაძე კი კომისიის წევრია "ნაციონალური მოძრაობის" კვოტით.
აკაკი კობალაძის ადვოკატი დავით ჩომახიძე აცხადებს, რომ უწყება დროს სპეციალურად აჭიანურებს, რადგან მოძებნოს მოწმე, რომელიც კობალაძე ხუსკივაძეს ხელს დაადებს.
"ეს ადამიანები მიიყვანეს მოწმის სტატუსით. პოლიციასაც არ ჰქონდა იმის წარმოდგენა, რომ ესენი შესაძლოა იმ წუთას ბრალდებულები გამხდარიყვნენ. გასაგებია, რომ ესენი მოწმის სტატუსით ჰყავთ დაბარებული და ამით დროსაც ჭიმავენ, რადგან სჭირდებათ მოწმე, რომელიც ამათ ხელს დაადებს,"- განაცხადა ჩომახიძემ.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმრები არიან, ხოლო მმართველ გუნდში კი თვლიან, რომ ოპოზიცია არ ერიდება წინდაუხედავ მუქარის შემცველ განცხადებებს.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიცია მუქარის შემცველი განცხადებების გავრცელებას არ ერიდება.
"სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია არ ერიდება და ხშირ შემთხვევაში წინდაუხედავად აკეთებს მუქარის შემცველ განცხადებებს. თქვენ იცით, რომ საოლქოების თავმჯდომარეებს პირდაპირ ემუქრებოდნენ ციხეში დაჭერით და ა.შ სამწუხაროდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გობეჯიშვილზეც ხორციელდებოდა მუქარა და მოსყიდვა. ამაზე საუბარი ახლა არ შემიძლია და ყველაფერს დაადგენს გამოძიება,"- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.