მიეცეს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლება - ეს გზავნილი ბათუმში ისმის, სადაც ასევე აქცია მიმდინარეობს. თბილისში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების პარალელურად, მოსახლეობის ნაწილი და ოპოზიციური პარტიები პოზიციებს საჯაროდ აფიქსირებენ აჭარაშიც.
ბათუმის დრამატული თეატრის წინ შეკრებილების მხრიდან ისმის შეძახილები "მიშა," ასევე გვხვდება ტრანსპარანტები მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების მოთხოვნით. თუმცა ფაქტია, რომ აქციის დაგეგმვის მიზანი ეხებოდა მხოლოდ არჩევნების გაყალბების შესახებ ვერსიას და მოთხოვნას, რომ დაიცვან ამომრჩევლის ხმა.
მოქალაქეები ასევე სკანდირებენ: "გამოიხედე რიჟვაძე, ბიძინას მონა!", "იმოქმედე!"
"ქართველი ხალხი ერთად დგომით დავასრულებთ რუსულ ოცნებას საქართველოში, დავასრულებთ ბიძინა ივანიშვილს თავისი ჟვანიებით და თვითმარქვია ხელისუფლებით," - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
ოპოზიციის წარმომადგენელმა აქციაზე ასევე ულტიმატუმი გააჟღერა.
"ჩვენ დავდგებით ბოლომდე, ვიქნებით მაგრად. ჩვენ ამ დღეებში ამ სცენიდან მოგვმართავს საქართველოს მესამე უვაჟკაცესი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ველოდებით 08:00 საათს. თუ 20:00 საათამდე ჩვენ არ გვექნება პასუხი, ჩვენ გადავდივართ დაუმორჩილებლობაზე. ჩვენ არ ვემორჩილებით ამ ხელისუფლებას," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ჯელალ ქიქავამ.